ქრისტიანობა და ცხოვრების ასკეტური წესი განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველგან, სადაც კი მოციქულთა ქადაგება გაისმა, მაცხოვრის მიმდევართა ყოფამ ასკეტური ხასიათი შეიძინა, თუმცა მონაზვნობა, ამ სიტყვის საკუთრივი გაგებით, ჩამოყალიბდა III საუკუნის ბოლოს ეგვიპტეში და აქედან გავრცელდა ქრისტიანული სამყაროს სხვა ნაწილებში.
მონაზვნობისა და სამონასტრო ცხოვრების ჩასახვასთან ერთად, ცხადია, უნდა გაჩენილიყო მონასტერში მიღების, ანუ მონაზვნად აღკვეცის წესიც. თუმცა. საბოლოოდ, როდის, სად და ვის მიერ ჩამოყალიბდა მონაზვნად აღკვეცის წეს-განგება, უცნობია.
ყველაზე ადრეული სახის აღკვეცის წესის აღწერა მოცემული გვაქვს „არეოპაგიტულ კორპუსში“ (V ს-ის პირველი ნახევარი), კერძოდ, ნაშრომში „საეკლესიო იერარქიის შესახებ“.
მონაზვნად აღკვეცის წეს-განგების ერთ-ერთი ადრეული სახე დაცულია, ასევე, „ბარბერინის ევქოლოგიონში“ (Barberini, gr. 336. VIII-IX სს.). „ბარბერინის ევქოლოგიონი“ გახლავთ ყველაზე ადრეული ბერძნულენოვანი „ევქოლოგიონი“, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ „ევქოლოგიონის“ მიხედვით, მონაზვნად აღკვეცის წესი, ანუ სამონაზვნო სქემის შემოსვის წესი ორ ნაწილად იყოფა: ეს არის „პირველი“ ანუ „მცირე სქემა“ და „დიდი, ანგელოზებრივი სქემა“ ან, უბრალოდ, „სქემა“. ერთიანი სამონაზვნო სქემის ნაწილებად ან საფეხურებად დაყოფა გვხვდება დღეისათვის ცნობილ თითქმის ყველა „კურთხევანში“, მათ შორის ქართულენოვან “კურთხევანებშიც”.
ქართულენოვანი „კურთხევანები“ მონაზვნად აღკვეცის წესის განსაკუთრებული სიმრავლითა და რედაქციული ნაირგვარობებით გამოირჩევა. აღვნიშნავთ ქართული „კურთხევანის“ „ევოლუციის“ (კ. კეკელიძე) სამ უმთავრეს ეტაპს და მათ შესაბაბამის მონაზვნად აღკვეცის წესის სამ რედაქციას: ა) ათონამდელი, ანუ იერუსალიმური საღვთისმსახურო ტრადიციის ამსახველი „კურთხევანები“ (დაცულია X საუკუნის Sin. 12, Sin. 54 და Sin. 66 ხელნაწერებში); ბ) გიორგი მთაწმინდელის „კურთხევანი“ (დაცულია XII-XIII საუკუნეების Sin.73 ხელნაწერში) და გ) კვიპრიანე სამთავნელის „კურთხევანი“ (XVIII ს.).
სამივე დასახელებული რედაქციის “კურთხევანი”, ცხადია, შეიცავს მონაზვნად აღკვეცის წესს. იერუსალიმური ტრადიციის ამსახველ “კურთხევანში” იგი შემდეგი ნაწილებისაგან შედგება: 1) ”განგებაჲ მათ ზედა, რომელნი მოვიდოდიან მონაზონებად”; 2) „მიცემაჲ სქემისაჲ“ (სახელწოდება ჩვენ მიერ პირობითადაა აღებული ამ წეს-განგების საწყისი ფრაზის მიხედვით: ”მიცემასა სქემისასა სამხრად შეკრბენ ეკლესიად და წესი კანონისაჲ აღასრულონ”; 3) კუნკულის ახდა მეშვიდე დღეს (ერთი ლოცვა).
გიორგი მთაწმინდელის „კურთხევანში“ მონაზვნად აღკვეცა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: 1. ”ლოცვაჲ აღკვეცასა ერისკაცისასა, მო-რაჲ-ვიდოდის მონაზონებად”; 2. ”კურთხევაჲ მონაზონისაჲ”; 3. ”წესი და განგებაჲ წმიდისა და ანგელოზებრივისა სქემისაჲ, თქუმული წმიდისა ბასილი დიდისაჲ”. 4. ”ლოცვაჲ აღჴდასა კუნკულისასა”.
კვიპრანე სამთავნელის „კურთხევანში“ ასეთი ვითარება გვაქვს: 1. ”ლოცუა ანაფორის ჰშთაცმისა და კუნკულის დახურვისა”. 2. ”კურთხევა მცირისა სქემისა, რომელ არს მანდილი, ესე იგი მაზარა”; 3. ”წესი და განგებაჲ წმიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა, თქუმული წმიდისა და დიდისა ვასილისი”. 4. ”ლოცუა აჰჴდასა კუნკულისასა დღესა მეშჳდესა”.
გვერდს ავუვლით რა იმას, თუ როდის ან რა მიზეზით დაიყო ნაწილებად მონაზვნად აღკვეცის წესი, ან რა დამოკიდებულება არსებობდა ამის მიმართ ეკლესიაში, შევეცდებით განვსაზღვროთ, თუ რას გულისხმობს „დიდი (წმინდა) და ანგელოზებრივი სქემა“ და რა ტერმინებით აღინიშნება წეს-განგების დასახელებულ ქართულ რედაქციებში ამ სქემის შემადგენელი ზოგიერთი ელემენტი.
უპირველესად, ყურადღება გვინდა მივაქციოთ უკვე ნახსენებ ტერმინს „სქემა“. ტერმინი ”სქემა” (ბერძნ. sxh=ma) ნიშნავს ”სახეს”, ”გარეგნულ იერსახეს”, ”იერს”, ”ფორმას”, ”შესამოსელს”. შესაბამისად, ”სამონაზვნო სქემა” აღნიშნავს ”სამონაზვნო იერსახეს”, ”სამონაზვნო ფორმას”, ”სამონაზვნო შესამოსელს”. მართლაც, სამონაზვნო სქემის მიღების წეს-განგებაში, აღკვეცილისათვის სრული სამონაზვნო შესამოსლის გადაცემის შემდგომ ნათქვამია: ”ძმამან ჩუენმან (სახელით) მიიღო წმიდაჲ და ანგელოზებრივი სქემაჲ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”. რამდენადაც ეს სიტყვები სამონაზვნო შესამოსლის შემოსვის შემდეგ ითქმის, ამდენად მასში სწორედ ამ შესამოსლის ერთობლიობა უნდა ვიგულისხმოთ.
რა კომპონენტთა ერთობლიობა ქმნის სრულ სამონაზვნო შესამოსელს, ანუ სამონაზვნო სქემას?
კომპონენტთა რაოდენობა განსხვავებულია მცირე და დიდი სამონაზვნო სქემისათვის. ზემოთ დასახელებულ განგებებში ამ კომპონენტთა რაოდენობა ერთმანეთს მხოლოდ „დიდი სქემის“ წეს-გაგებაში ემთხვევა:
ათონამდელი, ანუ იერუსალიმური განგება: 1) „პალეკარტნი“; 2) „სარტყელი“; 3) „კუკული“; 4) „სქემანი“; 5) „საბრადნელნი“; 6) „სანდალნი“.
გიორგი მთაწმინდელის რედაქცია: 1) „კუართი“; 2) „კუნკული;“ 3) „სქემაჲ“; 4) „სარტყელი“; 5) „სამჴარი“; 6) „სანდალნი“.
კვიპრიანე სამთავნელის რედაქცია: 1) „სამოსელი; 2) „სამჴარი“; 3) „კუნკული“; 4) „სქემაჲ“; 5) „სარტყელი“; 6) „სანდალნი“.
როგორც ვხედავთ, სრული სამონაზვნო სქემა ექვს კონპონენტს მოიცავს. განვიხილოთ ზოგიერი მათგანი..
1. „პალეკარტნი“„კუართი“ ან „სამოსელი“[ბერძნ. xito`n (i(ma`tion)].
ეს შესამოსელი სიმართლის, სიწმინდისა და სიხარულის შემოსვის მაუწყებელია, რადგან მის შემოსვას ასეთ სიტყვები ახლავს:
იერუსალიმური: „შეიმოსს ძმაჲ ესე ჩუენი სახესა სქემისასა სამოსლად სიმართლისა და სიწმიდისად, სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
გიორგი მთაწმინდელი: „ძმაჲ ჩუენი (სახელით) შთაიცუამს სამოსელსა სიმართლისასა და კუართსა სიხარულისასა დიდისა ამის და ანგელოზებრივისა სქემისასა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
კვიპრიანე სამთავნელი: „ძმა ესე ჩუენი (სახელით) შთაიცუამსა სამოსელსა სიმართლისასა და სიხარულისასა დიდისა მის და ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულის წმიდისათა“.
განსახილველ გაწეს-განგებებში გვხვდება ტერმინები, რომლების ამავე სამოსს აღნიშნავს. ეს ტერმნებია: იერუსალიმურ განგებაში „სტიქარი“, გიორგი მთაწმინდელთან: „ჩოჴაჲ“. მათ თაობაზე შეგვიძლია შევნიშნოთ შემდეგი: ბერძნული „იერატიკონის“ მიხედვით, „სტიქარი“ და „ქიტონი“ (ანუ, ქართულად, „კუართი“) ერთი და იმავე სამოსის აღმნიშვნელი ტერმინებია. ამას ადასტურებს ლიტურგიისწინა შემოსვის ლოცვები, სადაც ვკითხულობთ: “Ei)j to\ stixa`rion: )Agallia`setai h(yuxh` mou e)pi\ t%= Kuri`%: e)ne`duse ga`r me i(ma`tion swthri`ou kai\ xitw=na eu)frosu`nhj perie`labe me“ ((Ierati`kon 2004: 98). წარმოვადგენთ სათანადო მონაკვეთს ქართული „კონდაკიდანაც“: „ესრეთ წარვალს დიაკონი ერთსა მჴარესა საკურთხეველისასა და ჩაიცვამს სტიხარსა, მვედრებელი ესრეთ: „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა შემმოსა მე“ (კონდაკი 2004: 102).
რაც შეეხება ტერმინს „ჩოჴაჲ“, ამ სიტყვითაც, ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექციკონის“ თანახმადაც, საბერო შესამოსელი აღინიშნება. მართლაც, გიორგი მთაწმინდელის „კურთხევანში“ ”წმინდა და ანგელოზებრივი სქემის” განგების დასაწყისში ნათქვამია: ”მწუხრითგან დადვან სამოსელი ძმისაჲ მის, რომელი იკურთხეოდის, ქუეშე წმიდისა საკურთხეველისა: ჩოჴაჲ, საბეჭური, კუნკული, სქემაჲ, სარტყელი და სანდალნი”. უდავოა, რომ წარმოდგენილია სრული სამონაზვნო სქემის ელემენტთა ჩამონათვალი, სადაც ”ჩოხაჲ” ”კუართის” შესატყვისია.
ამდენად, ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამონაზვნო სქემის განსახილველ ქართულ რედაქციებში ნახსენები ტერმინები: „პალეკარტი“, „სტიქარი“, „ჩოჴაჲ“, „სამოსელი“ და „კუართი“ ერთი და იმავე სამონაზვნო შესამოსლის აღმნიშვნელია და მისი შემოსვა, სიმბოლურად, სიწმინდის, სიმართლისა და სიხარულის შემოსვას მოასწავებს.
2. „სქემანი“, „სქემაჲ“ [ბერძნ. a)na`labon].
სრული სამონაზვნო სქემის ეს ელემენტიც („სქემაჲ“), ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ისახურებს. ტერმინი „სქემა“, როგორც ზემოთ ითქვა, სრული სამონაზვნო შესამოსლის აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, განსახილველი განგების ქართული თარგმანების მიხედვით, იგი სრული სამონაზვნო შესამოსლის ერთ კომპონენტსაც მიესადაგება. ამ კომპონენტის შინაარსობლივი მხარე განსახილველ განგებებში ასე არის გადმოცემული:
იერუსალიმური: ”გარდაიცუამს ძმაი ესე ჩუენი სქემასა საჭურველად სარწმუნოებისა და სასოებისა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”.
გიორგი მთაწმინდელი: „ძმაჲ ესე ჩუენი (სახელით) მიიღებს სქემასა ტჳრთვად ჯუარსა მჴართა ზედა და შედგომად ქრისტესა მეუფესა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”.
კვიპრიანე სამთავნელი: „ძმაი ესე ჩუენი (სახელი) მიიღებს სქემასა ტჳრთუად ჯუარისა მჴართა ზედა და შედგომად მეუფისა ქრისტესა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
ეს შესამოსელი ბერძნულ „ევქოლოგიონში“ აღინიშნება ტერმინით ”a)na`labon”. სახელწოდება უთარგმნელად არის გადატანილი სლავურში: аналавъ. ”ანალავონი”, „Православная Энциклопедия“-ს მიხედვით, წარმოადგენს სამხარიღლეს, რომელიც ჯვრის სახით არის შემოკრული მხრებზე, ზურგსა და მკერდზე. იგი შეიძლება იყოს ტყავისა, ან სელისა თუ შალის ქსოვილისა. ანალავონი კრავდა მონაზვნის შესამოსელს, რომ იგი შრომისას ხელის შემშლელი არ ყოფილიყო. დროთა განმავლობაში ანალავონი უფრო ფართო და გრძელი გახდა. ანალავონის ძველი სახე, ტარების ფორმა და სიმბოლიკა შეითვისა პარამანმა, რომელიც მცირე სქემის მატარებელ მონაზვნებს გადაეცემათ.
3. “საბრადნელნი”, ”სამჴარი”, „სამჴრე“ [ბერძნ. Palli`on].
სამონაზვნო შესამოსლის ამ კომპონენტის შინაარსი თავად განგებაში ასეა განმარტებული:
იერუსალიმური: „მოიბრადნის ძმაჲ ესე ჩუენი საბრადნელსა სქემისასა სამოსლად უხრწნელად და სიწმიდედ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
გიორგი მთაწმინდელი: „ძმაჲ ჩუენი (სახელით) მიიღებს სამჴართა დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისათა საბლარდნელად უხრწნელებისა და საჭურველად სიმართლისა სახელით მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
კვიპრიანე სამთავნელი: „ძმაჲ ესე ჩუენი (სახელი) მიიღებს სამჴრეთა დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისათა საბლარდნელად უხრწნელებისა და სიმართლისა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
როგორც ვხედავთ, ამ სამოსლის შემოსვა, სიმბოლურად, უხრწნელების, სიწმინდისა და სიმართლის შემოსვას მოასწავებს.
აღნიშნული შესამოსლის ბერძნული სახელწოდებაა „palli`on“, რაც განიმარტება, როგორც ”ლაბადა”, ”მოსასხამი”, ”მანტია”. საინტერესოა, რომ ბერძნულ ტერმინს palli`on განგების ქართულ თარგმანებში კიდევ ერთი შესატყვისი აქვს: „საბეჭური“. უკანასკნელი ტერმინი სამივე ქართულ რედაქციაში გვხვდება. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელის „კურთხევანში“ ”წმინდა და ანგელოზებრივი სქემის” განგების დასაწყისში ნათქვამია: ”მწუხრითგან დადვან სამოსელი ძმისაჲ მის, რომელი იკურთხეოდის, ქუეშე წმიდისა საკურთხეველისა: ჩოჴაჲ, საბეჭური, კუნკული, სქემაჲ, სარტყელი და სანდალნი”. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, უდავოა, რომ წარმოდგენილია სრული სამონაზვნო სქემის ელემენტთა ჩამონათვალი, სადაც ”ჩოხაჲ” ”კუართის” შესატყვისია, ხოლო ”საბეჭური” ”სამჴარს” შეესაბამება. ამასთან, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვირპიანე სამთავნელის რედაქციის „მცირე სქემის კურთხევის“ ტექსტში ხსენებული ”საბეჭური” ბერძნული palli`on-ის თარგმანს წარმოადგენს. მოვიტანთ შესაბამის ტექსტებს: კვირპიანე:”ძმაჲ ესე ჩუენი (სახელი) მიიღებს საბეჭურსა წინდად დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა, სამოსლად უხრწნელებისად და სიმდაბლისა” (კურთხევანი 2004:361). ბერძნ.: ” (O )Adelfo\j h(mw=n (o( dei=na) lamba`nei to\ palli`on to\n a)r)r(abw=na tou= mega`lou kai\ a)ggelikou= sxh`matoj ei)j stolh\n a)fqarsi`aj kai\ semno`thtoj”.
რაც შეეხება ”სამჴარისა” და ”საბრადნელის” („საბლარდნელის“) იგივეობას, ამის შესახებ გიორგი მთაწმინდელისა და კვიპრიანეს რედაქციები მიანიშნებს, სადაც ”სამჴარის” შემოსვის ფორმულა ასეთია (მოგვყავს გიორგი მთაწმინდელის ტექსტი): ”ძმაჲ ჩუენი (სახელით) მიიღებს სამჴართა დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისათა საბლარდნელად უხრწნელებისა და საჭურველად სიმართლისა”.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნული palli`on-ის შესატყვისად სამონაზვნო სქემის მიღების ქართულ რედაქციებში გვაქვს ”სამჴარი”, ”საბრადნელი” (”საბლარდნელი”) და ”საბეჭური” და ამ ტერმინებით სამონაზვნო მანტია აღინიშნება.
დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა და ანგელოზებრივი სქემა, სულიერი შინაარსით, არის საჭურველი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და მისი შემოსვა გამოძახილია პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვებისა: ”მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებასა მას მშჳდობისასა, ყოველსა შინა აღიღეთ ფარი სარწმუნოებისაჲ, რომლითა იგი შეუძლოთ ყოველთა ისართა ბოროტისათა, განჴურვებულთა დაშრეტად და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ” (ეფეს. 6.14-17).
0 Responses on გიორგი ჯულაყიძე - მონაზვნად აღკვეცის წეს-განგებაში არსებული ზოგიერთი ტერმინის შესახებ"