დიდი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე, დღეს ჩვენთვის უკვე წმ. ილია მართალი, ავტორია უმდიდრესი პუბლიცისტური მემკვიდრეობისა, რომელიც თემატიკური თვალსაზრისით უაღრესად ფართო დიაპაზონს გულისხმობს. იგი მოიცავს წერილებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ, როგორიცაა ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ასევე, სტატიებს, რომლებიც ეხება განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, პოლიტიკის, ისტორიის და ა.შ. აქტუალურ საკითხებს. ეს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ის მხარეებია, რომელთა მოგვარება დიდ მოღვაწეს ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონედ ესახება.
იმ საკითხებს შორის, რომლებიც განხილულია ილიას პუბლიცისტიკაში, დიდ ადგილს იკავებს ეთიკურ-ზნეობრივი შინაარსის პრობლემები. ისინი ღრმად და სხვადასხვა ასპექტით იქცევა მსჯელობის საგნად დიდი მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში, რამდენადაც მას ერის გაჯანსაღებისა და წინსვლის პირობად სწორედ სულიერი და მორალურ-ზნეობრივი განვითარება ესახება. როგორც მიუთითებენ, ილია ”სულიერი პოტენციალის მიხედვით ზომავდა ერის სიცოცხლისუნარიანობას” (ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, თბილისი, 1995, გვ. 67).
ასეთ ვითარებაში მოულოდნელი არ უნდა იყოს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში ისეთი წერილების არსებობა, რომელთა უშუალო მიზანს მართლმადიდებლური სარწმუნოების პოპულარიზაცია, მკითველთა შორის მისი განმტკიცება და მართლმადიდებლური ცხოვრების წესის გაცოცხლება წარმოადგენს. ეს წერილები ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და კონკრეტული მიზანდასახულობაც – მრავალფეროვანი. ამ უაღრესად ვრცელი მასალიდან ამჟამად შევჩერდებით წერილების მხოლოდ ერთ ჯგუფზე, რომლებიც ორ დიდ საუფლო დღესასწაულს – შობასა და აღდგომას – ეხება.
ოფიციალური მიზეზი ამ წერილების დაწერისა არის დღესასწაულების მილოცვა მკითხველისათვის, რამდენადაც, მოგეხსენებათ, ილია ჭავჭავაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში რედაქტორობდა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერიოდულ ორგანოს, ”ივერიას”. ეს გამოცემა გადაიქცა, თუ შეიძლება ითქვას, მისი ბრძოლის ასპარეზად, საიდანაც იგი ეპასუხებოდა და, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, მიმართულებას აძლევდა იმ პერიოდის ქართულ სინამდვილეში მომხდარ ყოველ მოვლენას თუ მიმდინარე პროცესს.
ზემოხსენებული წერილების ზერელე გადაკითხვაც კი საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ქართველი საზოგადოების განვითარების, მისი სულიერი კათარზისის და, აქედან გამომდინარე, ზნეობრივი დახვეწისა და შეგნების ამაღლების გზაზე. იგი მიიჩნევს, რომ მკითხველს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, თუ ”რით არის სასიხარულო, კურთხეული და მისალოცავი” ეს დღესასწაულები. დღესასწაულის არსის სწორად გააზრება ხელს შეუწყობს მას, როგორც ”ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილს”, თავისი მოვალეობის უკეთ გაცნობიერებაში და, საბოლოო ჯამში, სწორი მიმართულებით წარმართავს მის სულიერ ზრდა-განვითარებას.
წმ. ილია მართლის ეს წერილები მიმართულია რიგითი მკითხველისადმი, უბრალო ერისკაცებისადმი, რომელთა შორის, როგორც მიტროპოლიტი ანანია მიუთითებს, ”მე-19 საუკუნეში განელდა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა, ხოლო შევიწროვებულ ქართულ ეკლესიას აღარ მოეპოვებოდა ძალა და საშუალება მრევლის სულიერი წინამძღოლობისათვის” (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია, 2007).
ამიტომ ამ წერილებში ავტორი მიისწრაფვის, გამოყოს ის უმნიშვნელოვანესი, არსებითი, რაც რწმენის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ყოველი ქრისტიანისათვის, რაც მართლმადიდებლობის უმთავრესი აზრის გამომხატველია.
იმის წარმოსაჩენად, რა სულიერი სიმაღლის მატარებელია ქრისტეს რჯული, წმ. ილია მართალი არაერთგზის მიმართავს შედარებას ძველი და ახალი აღთქმის უმთავრეს პრინციპებს შორის. იგი წერს, რომ ძველი აღთქმის ქვაკუთხედი იყო მოძღვრება, რომლის ძირითად პრინციპს წარმოადგენდა ”თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ”. ის სჯერდებოდა ”არა ქმნას ბოროტისას”: ”არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო” და ა.შ. მაგრამ, განმარტავს წმ. ილია მართალი, ”არა ქმნა ბოროტისა უქმად ყოფასაც შეუძლიან და უქმად ყოფა დიდი ღვაწლი არ არის არცა კაცისა და არცა ღმრთისა წინაშე. საქმე კეთილის ქმნაა. აქ მოქმედებაა საჭირო, გარჯაა, ოფლის ღვრაა, წვალებაა და წამება და სასყიდელიც მისი დიდია”. ახალი აღთქმა, მისი სიტყვით, იწვევს ადამიანს, რომ იმოქმედოს, გაისარჯოს, იშრომოს კეთილის ქმნისათვის. ესაა მისი ძირითადი პრინციპი – კეთილი საქმე, დამყარებული სიყვარულზე. ეს აზრი წერილებში მაცხოვრის სიტყვებითაა გამყარებული: ”ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ. უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის”. კეთილი საქმის სიყვარულით აღსრულების გზაზე კაცი არ უნდა შეუშინდეს დევნასა და წვალებას, არც სიღარიბეს, შიმშილსა თუ წყურვილს, რადგან ეს ერთადერთი გზაა ”მადლისა და ჭეშმარიტების” მოსაპოვებლად. ამ გზას მიჰყავს კაცი ”საცხოვნებლად, საცოცხლებლად”. ”შევედით იწროისაგან ბჭისა”, – სახარების სიტყვებით მოუწოდებს მკითხველს დიდი მოღვაწე, – ”რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად”.
ზემოხსენებულ წერილებში წმ. ილია მართალი ბევრს საუბრობს სიყვარულსა და კეთილ საქმეზე, როგორც ახალი აღთქმის საფუძველთა-საფუძველზე. იგი კომპლექსურად, ერთ კონტექსტში განიხილავს ამ საკითხებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ეს ორი სათნოება უერთმანეთოდ ვერ იარსებებს. მისი მიზანია, კარგად გაუშინაარსოს მკითხველს, რომ ”იესო ქრისტემ კაცთმოყვარეობასა და ურთიერთის სიყვარულზე ააშენა თავისი დიდებული მოძღვრება კაცთა ხსნისა და მაცხოვარობისა”, და მრავალგზის შეახსენოს ახალი აღთქმის უმთავრესი კანონები: ”გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” და ”ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრედცა თქვენ ჰყავთ მათ მიმართ”.
წერილების ავტორის სიტყვით, ახალი აღთქმის გამორჩეულობა იმაშიც ვლინდება, რომ მასში ჯერ არნახულადაა წარმოჩენილი და აღმატებულ ხარისხში აყვანილი ადამიანის ღირსება. ”ვით მამა ზეცის, იყავ შენც სრულიო”, უმოძღვრა [უფალმა] კაცს… რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში! იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლია ახვიდე და მიაღწიოო” (ტ.14, გვ. 165). ადამიანის ღირსების აღდგენად და გაკეთილშობილებად მიაჩნია წმ. ილია მართალს უფლის შემდეგი სიტყვებიც: ”არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმნ უფალი მისი, ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ”.
წერილებში წამოწეულია სახარების ის ეპიზოდები, რომლებშიც უბრალო ადამიანებისათვის განსაკუთრებით ნათლად იკითხება ღვთის განუზომელი სიყვარული და მოწყალება კაცთა მოდგმისადმი. თუმცა ავტორი, იმისათვის, რომ სათანადო ეფექტი უზრუნველყოს, ამ ეპიზოდებს თავისი განმარტებებით აქცენტირებულს სთავაზობს მკითხველს. მაგალითად, იგი წერს: მოვიდა ”ღმერთი მადლისა, სიყვარულისა და გაჭირვებულთა განკითხვისა, რომელმაც სიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, სნეულყოფა, პყრობილება თვითეულის ადამიანისა თავის საკუთარ სიმშილად, წყურვილად, სიშიშვლედ, სნეულყოფად, პყრობილებად მიითვალა და ჰრქვა წყალობით გამკითხავს ადამიანს: ”მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ … ამინ გეტყვით თქვენ: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ!”. სხვაგან ამბობს: ”ჯვარცმული კაცთაგან კაცთმოყვარე ღმერთი” ”ნამეტნაობისაგან მოწყალებისა, სიბრალულისა და შეწყნარებისა იტყოდა მტერთათვის: ”მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რას იქმან” და ა.შ. ასეთი კონტექსტით სახარებისეული ეპიზოდების გადმოცემა განსაკუთრებულ ემოციას იწვევს მკითხველში და დიდი ზემოქმედების ძალა აქვს. მიზანი ამგვარი ხერხის გამოყენებისა გაუცხოების დაძლევა, მანძილის შემცირებაა ადამიანსა და ღმერთს შორის. ავტორს თითქოს მკითხველთან ახლოს მოაქვს სახარებისეული ჭეშმარიტება და მას ადვილად გასაგებსა და გასათავისებელს ხდის. ეს კი მკითხველში საპასუხო მადლიერებისა და მოვალეობის გრძნობის გამძაფრებას იწვევს.
დიდი მოღვაწე არ კმაყოფილდება მხოლოდ სახარებისეული ფაქტების შეხსენება-განმარტებით; ღვთის სახელის მოხსენიებისას ისეთი ატრიბუტებით ტვირთავს მას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მისი მიზნის აღსრულებაში. წმ. ილია მართლის სიტყვით, ღმერთი, ”მოვლინებული ცხოვრებად და ხსნად ქვეყანისა”, არის ”ღმერთი უანგარიშო სათნოებისა, მოწყალებისა, ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა”; იგი არის ”ყოველთა შემწყნარებელი”, ”ნუგეშმცემელი”, ”ღმერთი მადლისა, … და გაჭირვებულთა განკითხვისა”, ”…შენდობისა და მიტევებისა”, ”…სულგრძელი, …კაცთმოყვარე, …ყოვლად მოწყალე” და ა.შ. ეს ფრაზები, გარკვეული ზეიმურობით აღბეჭდილი, ერთი მხრივ, ზუსტად პასუხობს დიდი საუფლო დღესასწაულების თემაზე დაწერილი წერილების განწყობას და, მეორე მხრივ, მკითხველის ცნობიერებაში ამკვიდრებს უფლის ხატებას, მზამზარეულ წარმოდგენას ღვთისა და მისი თვისებების შესახებ და ამით კიდევ უფრო მეტად სიყვარულს, მადლიერებასა და მოწიწებას ნერგავს მკითხველის გულში.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე აშკარაა, რომ დიდი მწერლის მიზანია, მკითხველშიც გააჩინოს სხვისი შებრალების, თანადგომის თუ შენდობის სურვილი, გააღვივოს მოყვასის სიყვარული, მისწრაფება უანგარო სიკეთისაკენ, ზოგადად, აღზარდოს ადამიანებში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. მისი შეხედულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ სათნოებანი, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისას გამოავლინა, სანიმუშოდ დაისახოს ადამიანებისათვის, ხოლო მისი სწავლება – ყოველდღიური ცხოვრების საფუძვლად. წერილებში აშკარადაა გამოკვეთილი დიდი მწერლის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იგი ფიქრობს, რომ ადამიანის გადარჩენა მხოლოდ ღმერთთან ყოფნითაა შესაძლებელი, რომ ”ამის გარედ ყოველივე ფუჭია, ყოველივე უქმია”; ”ამის გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს”. ამიტომ წერილებში არაერთხელ ვხვდებით უშუალო მოწოდებას ქრისტიანული ცხოვრებისაკენ; ზრუნვას იმ აზრის განმტკიცებისათვის, რომ ადამიანის ხსნა მხოლოდ ქრისტეს მოძღვრების აღსრულებას შეუძლია. ”იწამეთ და შეუდეგით ”მართალსა”, – მიმართავს დიდი მოღვაწე მკითხველს, – ”რამეთუ იგი მართლა უკვდავი წყაროა კაცთა ცხოვრებისა და ყოვლად შემძლებელია ხსნად და ცხოვრებად კაცთა…”; იგი ”კლდეა, რომელზედაც შესაძლისია მხოლოდ აგება და აშენება კაცთა ნათესავის ბედნიერებისა, სიხარულისა, შვებისა და ლხენისა, ამიტომაც იგი უნდა უყვარდეს ყველას თავის თავზედ უფრო”. ისევე, როგორც ვაზიდან მოკვეთილი ტოტი თავისი ძალით ნაყოფს ვერ გამოიღებს, არც ადამიანს შეუძლია ცხოვრება, საკუთარი თავისა და სხვისთვის სარგებლობის მოტანა ქრისტეს გარეშე. ქრისტესთან ერთად ცხოვრება კი მისი სწავლების დაცვას, ცხოვრების ყოველდღიური წესის მართლმადიდებლობაზე აგებას გულისხმობს. ეს არის, ილიას სიტყვით, ”ყოვლად მხსნელი” უღელი, რადგან იგი თავის თავში მოიაზრებს ”აღთქმას ურთიერთობისა, სიყვარულისა, ერთმანეთისათვის სულის დადებისა, ერთმანეთის შენდობით განკითხვისა. ეს არის ხსნა და ცხოვრება კაცთა ნათესავისა”.
ადამიანთა უმეტესობა ხშირად სიტყვით აღიარებს მართლმადიდებლურ სწავლებას, ხოლო საქმით, თავისი ცხოვრებით, შორსაა ამისგან. წმ. ილია მართალი განმარტავს, რომ ასეთი საქციელი ღვთის გმობის, მისი წმინდა მცნების უარყოფის ტოლფასია. თუ მხოლოდ სიტყვით ვიცავთ და არ ვცდილობთ ქრისტეს მოძღვრების საქმით აღსრულებას, მაშინ ”გვიგმია ღმერთი, გვიგმია იესო ქრისტე, გვიგმია მისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, უარგვიყვია ქრისტიანობა”.
როგორც ვხედავთ, ნაშრომში განხილული წერილების მიზანი ერთია – გააღვივოს მკითხველის გულში სარწმუნოებრივი გრძნობები, კიდევ ერთხელ შეახსენოს და განუმარტოს მართლმადიდებლური მოძღვრების არსი, განაწყოს იგი კეთილი საქმისათვის და ქრისტიანული სათნოებით ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბროს. ამდენად, თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ეს წერილები, ფაქტობრივად, ქრისტიანობის ქადაგებას, ქრისტეს გზით სიარულისკენ მოწოდებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის ნაშრომში განხილული ნაწილი ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკად მოვიხსენიოთ.
ხათუნა მემანიშვილი-კალანდარიშვილი
0 Responses on ხათუნა მემანიშვილი - ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა"