Setup Menus in Admin Panel

  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ონლაინ ბიბლიოეთეკა

    მურად ტყემალაძე – ოქროს როლი და მნიშვნელობა ხატწერაში

    სტატიაში გადმოცემულია ხატწერაში ოქროს გამოყენების ფორმების, საშუალებებისა და მეთოდოლოგიის შესახებ. განმარტებულია მისი, როგორც ძვირფასი მეტალის ფართოდ გამოყენების წინაპირობა და მიზეზები. ოქროს უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებების ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია მისი როგორც ხატწერის მასალის, სრული შესაბამისობა ხატთან, როგორც ღრმა სიმბოლური ნიშნების მატარებელ ქმნილებასთან. აღნიშნულია ოქრომჭედლობის კავშირის შესახებ ადგილობრივ უძველეს სანედლეულო კერებთან.
    ძვირფას ქვებს და მეტალებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გამორჩეულია მათი როლი და ადგილი ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა პერიოდში. ქართველი ერის საკუთრება – ფერადი ქვებით შემკული ოქრომჭედლობის ნიმუშები საკაცობრიო განძად ითვლება. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ფერის განსაკუთრებული გრძნობა. ამაზე მიუთითებს ხატების შესამკობად ძვირფას ქვებთან ერთად ლამაზი ფერის უბრალო ქვების გამოყენება. ჯვრებსა და ხატებთან ერთად ძვირფასი ქვებით ამკობდნენ წიგნების ყდებს, ეკლესია მონასტრების კედლებს, სვეტებს და სხვ.
    ფერადი ქვები უმეტესად მინერალები ან მინერალური აგრეგატებია, რომლებიც ბუნების საკვირველ მრავალფეროვნებას ქმნიან. მინერალი ერთი ან რამდენიმე ელემენტის ბუნებრივი ნაერთია. ოქროც მინერალია, რომელსაც „კეთილშობილ ლითონს“ ეძახიან. მინერალის ღირებულებას ესთეთიკური სახის გარდა განსაზღვრავს მისი სიმაგრე, ქიმიური მდგრადობა და ბუნებაში გავრცელების ხარისხი, ასევე მისი ტრადიციული რეპუტაცია [1].
    ოქროს ადამიანი იცნობს უძველესი დროიდან, რომელსაც თვისებებიდან გამომდინარე გააჩნია გამოყენების სხვადასხვა სფერო, როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური. ოქრო ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა ფინანსური ანგარიშსწორები- სათვის, მას დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ საიუველირო საქმეში – ძვირფასი სამკაულების დასამზადებლად. ყოველ დროში ოქრო იყო სიმდიდრის, ძალაუფლე- ბისა და ძლიერების სიმბოლო. მასვე უკავშირდება მრავალი სისხლიანი ისტორია.
    საქართველოში ოქროს გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენ ქვეყანაში გათხრილი შუაბრინჯაოს ხანის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს უძველესი სამკაულების განხილვა გვიჩვენებს, რომ ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ოქრომჭედლები უკვე ფლობდნენ ლითონის დამუშავების უმთავრეს ხერხებს – ჭედვას, ჩამოსხმას, რჩილვას და სხვა [2]. რაც შეეხება თრიალეთის კულტურის ხანის ( ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი) მრავალგვარი და მრავალფეროვანი ოქრომჭედლობის ნიმუშებს – სამკაულებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს მათი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ დროისათვის ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ლითონის ფურცლების გაწევით დამუშავება და ჰქონდათ ამ პროცესის შესასრულებლად საჭირო სახელოსნო იარაღები.
    ანტიკური პერიოდის ადგილობრივ ოქრომჭედელთა განსაცვიფრებელ დახელოვნებას ცხადს ხდის ლითონის ფაქიზი გამოჭედვა, კვერვა, ტვიფვრა ან ტვიფრით მოჭრა, რჩილვა, გაწელვა, მოცვარვა, მომინანქრება, მოალვა, წვნა და მინანქრული მრავალფეროვნება. ყოველივე უდავოდ ადასტურებს წინაქრისტიანულ საქართველოში ოქრომჭედელთა მაღალგანვითარებული ხელოსნობის არსებობას [2].
    საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ოქრომჭედლობა, ჭედურ ნივთებზე ძვირფასი ქვების გამოყენება და ზოგადად ოქრო, როგორც ძვირფასი მეტალი, ქრისტიანული სარწმუნოებრივი ცხოვრების სამსახურში ჩადგა. ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული, ოქროსაგან დამზადებული ან შემკული საეკლესიო ნივთები – ჯვრები, ხატწერის უნიკალური ნიმუშები, საეკლესიო ჭურჭელი, წიგნები და სხვა, რომელთა დიდი ნაწილი პატიოსანი ქვებითაა გამშვენებული და ქართული ქრიასტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.
    ამ პერიოდიდან ოქრომ, როგორც მდგრადი ყვითელი ფერის მინერალმა კიდევ ერთი ფუნქცია შეიძინა, კერძოდ, მან ფართო გამოყენება ჰპოვა ხატწერაში, რომლის განვითარებას დასაბამი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროიდან მიეცა. განვლილი დროის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ხატწერისათვის საჭირო მასალები, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა საღებავის მრავალფეროვანი სისტემები, რამაც უშუალოდ წერის ტექნიკაზეც იქონია გავლენა. დღევანდელ პირობებში სახეზე გვაქვს გარკვეული შემობრუნება ძველი მასალებისა და წერის მანერისადმი, რომელიც უპირველესად ბუნებრივი მასალის გამოყენებას გულისხმობს. რაც შეეხება ოქროს, მას მნიშვნელობა არასდროს არ დაუკარგავს ხატწერასა და საეკლესიო კედლის მხატვრობაში, უმნიშვნელოდ იცვლებოდა მხოლოდ მისი, როგორც მზა მასალის დამზადების მეთოდები და ხარისხი, რაც ძირითადად ტექნიკურ პირობებზეა დამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ოქრო დღესაც მნიშვნელოვან, საკმაოდ ძვირად ღირებულ და შეიძლება ითქვას შეუცვლელ კომპონენტს წარმოადგენს აღნიშნულ დარგში.
    ოქრო ხატწერაში ძირითადად გამოიყენება ან პიგმენტის სახით (წვრილ დისპერსიული ფხვნილი) გაზელილი შესაბამის შემკვრელში, სხვადასხვა დანამატის გათვალისწინებით ან უთხელესი ფურცლების, ოქროფურცელის სახით, რომლის სისქე 100 ნმ-ის ფარგლებშია (1 ნანომეტრი – 10-9 მ). ფურცლოვანი ოქრო წარმოადგენს ოქროს მაღალი შემცველობის ლეგირებული ლითონის თხელ ფირფიტას, კილიტას, ფურცელს. ორივე შემთხვევაში ის გამოიყენება ოქროსაგან განსხვავებული ზედაპირის მქონე ადგილისათვის ნამდვილი ოქროს შესახედაობის მისაცემად – მოსაოქროვებლად. ორივე მეთოდს ხატწერაში აქვს სრულიად განსაზღვრული ადგილი და მოხმარების მეთოდოლოგია. გარდა აღნიშნულისა ოქროს იგივე სახით იყენებენ მდიდრულად შემკული ხელნაწერი წიგნების გასაფორმებლად.
    ოქროს ხმარობენ ხატის მოჭედილობაშიც, რომლის დროსაც დაფის ან გამოსახულების ზოგიერთი ან უმეტესი ნაწილი დაფარულია მეტალის (უმეტესად იყენებენ ვერცხლს, სპილენძს, რომელთაც შემდეგ აოქროვებენ და სხვ.), თხელი 1მმ-მდე სისქის დეკორატიულად დამუშავებული ფირფიტით, მას გააჩნია ესთეტიკური და დამცავი ფუნქცია. ზოგჯერ გამოსახულება მთლიანად ლითონზეა შესრულებული. ამ მეთოდს აქ არ შევეხებით.
    ოქროს ფართო გამოყენებას ხატწერაში და ზოგადად საკლესიო ნივთების დამზადება გამშვენებაში აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ორი მიზეზი, რომელთაგან უპირველესი ისაა, რომ მის დამკვიდრებას დასაბამი თვით უფლის ნებით მიეცა. მართალია უფალი მას არ მოიხსენიებს იმ 12 პატიოსან თვალს შორის, რომლის ჩამონათვალსაც აძლევს მოსეს და ავალებს აარონის სამღვდლო შესამოსელზე, კერძოდ განკითხვის სამკერდულზე მათი განლაგების თანმიმდევრობის შესახებ. თუმცა იქვე იკითხება (ბიბლია, გამოსვლა, თავი ოცდამერვე), რომ აღნიშნული პატიოსანი თვლები უფლის ნებით ოქროს ბუდეში იქნა ჩასმული.
    ბიბლიის მიხედვით უფალი აარონის შესამოსელისა და სხვადასხვა ნივთის აღწერისას მრავალჯერ მოიხსენიებს ოქროსფერს და ოქროს ნაკეთობას: „გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად. (გამოსვლა, თავი ოცდამერვე, მუხლი 6). იქვე იგივე თავში; „ ბუდეები ოქროსი გააკეთე“ (მუხლი13), „გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი“ (მუხლი22), „გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორივე კიდეს“ (მუხლი23), „გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ“ (მუხლი27); გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმინდე უფლისათვის (მუხლი36). უფლის დავალება რა თქმა უნდა შესრულდა. აქვე ოცდამეცხრამეტე თავში ვკითხულობთ – „გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის“ (მუხლი 3). აღნიშნულ დამოკიდებულებაზე უამრავი ამონარიდის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა ასპექტით, რაც კარგად მიანიშნებს, რომ ოქროსფერს და ოქროსაგან დამზადებულ ნივთს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლეოდა.
    მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ოქროს უპირატეს გამოყენებას განაპირობებდა და ცხადია, რომ ესეც უფლის ნებით არის, გახლავთ მისი უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებები, ასევე ბუნებაში გავრცელების ინტენსივობა, რაც როგორც შესავალში ავღნიშნეთ, მინერალის ფასეულობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია. ის ბევრი თვისებით გამორჩეულია სხვა მინერალებისაგან.
    ქიმიურად სუფთა ოქრო (Au) ძალიან იშვიათად გვხვდება. ეგრეთ წოდებული ხალასი ოქრო უმრავლეს შემთხვევაში იზომორფული მინარევების სახით შეიცავს ვერცხლს. ჩვეულებრივ 4-იდან 15 %-მდე (წონით). გვხვდება ვერცხლით უფრო მდიდარი სახესხვაობებიც, რომლებსაც დამოუკიდებელ მინერალურ სახედ გამოყოფენ. ოქროს სახესხვაობებს მიეკუთვნება შემდეგი: სპილენძიანი ოქრო, რომელიც სპილენძს 20 %-მდე შეიცავს. გვხვდება ასევე პალადიუმიანი ოქრო – 5 %-იდან 11 %-მდე პალადიუმის და 4 %-მდე ვერცხლის შემცველობით, ბისმუტიანი ოქრო მყარი ხსნარის სახით 4 %-მდე ბისმუტს შეიცავს [3].
    ოქრო კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათად გვხვდება, ამასთან მეტწილად ოქტაედრების, უფრო იშვიათად დოდეკაედრების და ზოგჯერ ჰექსაედრების სახით [3]. აგრეგატები უმეტესად გვხვდება უსწორო ფორმის მარცვლების სახით. მარცვლები შეიძლება სხვადასხვა სიდიდის იყოს უფრო ხშირად მიკროსკოპული, მდინარეულ ქვიშრობებში ხშირად პოულობენ ნაგორები ფორმის მარცვლებს რომელთა წონა შესაძლებელია რამდენიმე გრამი იყოს, იშვიათად კი რამდენიმე კილოგრამი.
    ოქროს ფერი ოქროსებრ ყვითელია, ვერცხლით მდიდარი სახეობებისათვის – ბაცი ყვითელი. ელვარება ტიპიური ლითონის. სიმაგრე 2,5 – 3,0, ჭედადი და წევადია, ადვილად იჭედება უთხელეს ფირფიტებად [3]. 1 გ ოქროს ნაჭრიდან შესაძლებელია დამზადდეს მავთული, რომლის სიგრძე 3 კმ-ია, ან მივიღოთ თხელი კილიტა, რომელიც 500-ჯერ წვრილია ვიდრე ადამიანის თმის ღერი (100 ნმ). ხასიათდება მაღალი კუთრი წონით 15,6 – 18,3. კარგი ელექტრო და სითბოგამტარია. ოქრო ჰაერზე ძალიან მდგრადია, ჩვეულებრივ პირობებში ის არ რეაგირებს ჟანგბადთან ოქსიდის წარმოქმნით, ამიტომ ეძახიან კეთილშობილ მეტალს სხვა ჩვეულებრივი მეტალებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჟანგბადის და ტუტეების გარემოში ადვილად იშლებიან. არ იცვლება წყლის გარემოშიც, გამორჩეულია ძლიერი ელვარებითა და დამახასიათებელი ელფერით. იხსნება სამეფო ხსნარში (3HCl + HNO3), ცხელ სელენის მჟავაში H2SeO4. ოქრო რეაგირებს ციანიდების წყლიან ხსნართან ციანოაურატების წარმოქმნით [Au(CN)2], რომლიდანაც თუთიის გამოყენებით აღდგება სუფთა ოქრომდე.
    სუფთა ოქრო ადვილად იჭრება დანით, ის ძალიან რბილია, ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით უმეტესად გამოიყენება მისი სხვადასხვა შენადნობები, რომლებიც ამავე დროს განსხვავებულ თვისებებს აძლევენ მას.
    სხვადასხვა მეტალის შემცველობა განსაზღვრავს ოქროს შენადნობის ფერს. მკვეთრი ყვითელი ოქრო, რომელიც ყველაზე პოპულარული და გამოყენებადია, მიიღება მასზე წითელი სპილენძისა და ვერცხლის დამატებით. თეთრ ოქროს აწარმოებენ შენადნობში ვერცხლის, პლატინის, ნიკელის ან პალადიუმის დამატებით. წითელი და ვარდისფერი ოქრო დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს. ასეთი ნაერთი ყველაზე იაფია, ამავე დროს ნაკლებად მდგრადია გარემო პირობების მიმართ. მწვანე ფერის მისაღებად ოქროს უმატებენ დიდი რაოდენობით ვერცხლს, მისი შეფერილობა ამ შემთხვევაში ღია მწვანედან თეთრამდე იცვლება. არსებობს ბუნებრივი მინერალი (ელექტრუმი) სადაც ვერცხლი შეადგენს მესამედს, ის თეთრი მომწვანო შეფერილობისაა. ლურჯი ოქრო მიიღება შენადნობში კობალტისა და რკინის დამატებით და სხვა.
    შეიძლება ითქვას, რომ ხატმწერისათვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტონალობის ოქროს მთელი სპექტრი, ნათელი ყვითელიდან თბილი სპილენძისფერისა და მომწვანო ტონალობის ჩათვლით. ზედაპირის საბოლოო ფერი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ოქროს ფურცელის სისქეზე, ასევე ფურცლის ან ფხვნილის დატანისას გამოყენებულ მასალებსა და შესრულების ტექნიკაზე.
    აღნიშნული ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან, რომელიმეს გამოყოფა ოქროს უპირატესობის განსასაღვრად ხატწერაში ძნელია, თუმცა მისი პლასტიკურობა და დამახასიათებელი ყვითელი ფერი, რომელიც გარემო პირობების მიმართ მდგრადია უმნიშვნელოვანესია. ტექნიკური თვალსაზრისით მოოქროვებას ორი მიზანი აქვს: პირველი, დავიცვათ სხვა მეტალი ან მასალა კოროზიისაგან, მეორე – მივიღოთ ესთეტიკურად ლამაზი ზედაპირი. ხატწერაში ოქროს გამოყენებას აქვს მნიშვნელოვნად განსხვავებული შინაარსი და ფუნქციური დატვირთვა. ამ თვალთახედვით შევეხოთ ხატწერისათვის მნიშვნელოვან რამდენიმე მომენტს.
    უმნიშვნელოვანესი დეტალი ხატწერისა გახლავთ მისი ყველა კომპონენტის ღრმა სიმბოლური დატვირთვა. ხატის მრავალფეროვანი სიმბოლოების ენა მისი ბუნებით, მისი განსხვავებული ფუნქციური მნიშვნელობით აიხსნება და ის ნაკლებად აღიქმება, როგორც მხოლოდ სამხატვრო ნიმუში. ხატის აღქმისას უმნიშვნელოვანესია ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხო და ის დატვირთულია სხვადასხვა სახეებითა და ნიშნებით. ნიშნები და სიმბოლოები ატარებენ გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიდრე მხატვრული სახე.
    ამ თვალსაზრისით ფერსა და შუქს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვთ ხატწერაში. მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორია ამა თუ იმ საგნის ფერი სინამდვილეში, არამედ რა უნდა გადასცეს ავტორმა თავისი ფერადი პალიტრით. ყოველ ფერს აქვს განსაზღვრული აზრობრივი დატვირთვა: ხატი ხშირად იწერება ყვითელ ფონზე, რაც გადატანითი მნიშვნელობით ზეციურ შუქს, ღმერთის მარადიულობას, მის მადლს, ნათელსა და ბრწყინვალებას ნიშნავს. ყვითელი ფერით იწერება შარავანდედი, ასევე ის გამოიყენება წმინდანების, ანგელოზების შესამოსელში და სხვა მნიშვნელოვან დეტალებში. ასეთივე დამოკიდებულებაა სხვა ფერების მიმართაც. ეს არ ნიშნავს ხატმწერის, შემოქმედის შეზღუდვას, მას ეძლევა საშუალება მაქსიმალურად გაიხსნას და კანონიკის ფარგლებში ფერების გამა ცვალოს განსაზღვრულ ფარგლებში.
    რაც შეეხება შუქს ის ზეციურია, უფლიდან მოდის, ის უფლის სახეა, რომელიც ყველაფრის შემომქმედია. ამიტომ ხატმწერი გამოსახავს წმინდანებს გაცისკროვნებულს ამ შუქით და არა სხვა ხილული შუქის წყაროთი განათებულს. ხატმწერისათვის შუქი ქმნის საგანს და ეს წარმოადგენს მის ობიექტურ რეალობას.
    როგორც ყვითელი ფერის ასევე ზეციური შუქის სიმბოლოდ უმეტესად ოქრო გამოიყენება. ოქრო ორივე შემთხვევაში წარმოჩინდება როგორც საუკეთესო მასალა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ოქრო ჩანაცვლებულია სხვა ყვითელი ფერის პიგმენტით, როგორიცაა ყვითელი ოხრა, აურიპიგმენტი ან სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური მინერალი. ეს ზოგიერთ დეტალში მისაღებიც არის, მაგრამ ფონის ან შარავანდედის შემთხვევაში, როდესაც ის უნდა გამოისახოს, როგორც მაქსიმალურად განათებული ზედაპირი, ოქრო თითქმის შეუცვლელია, რადგან ფიზიკურ-ქიმიური მახასიათე- ბლებით ის ბევრად აღემატება ზემოთ დასახელებულ მინერალებს.
    მინერალის ფერი თეთრი სინათლით განათებისას ყალიბდება არეკლილი და გარდატეხილი (გატარებული) სპექტრული სხივების თანაფარდობით, ხოლო არეკლილი სხივების ურთიერთქმედება (ჩაქრობა ან გაძლიერება), რაც ამავე დროს ზედაპირის სისწორესა და ერთგაროვნებაზეც არის დამოკიდებული, განსაზღვრავს მის ელვარებას. მიზეზი, რითაც ოქრო თავისი ფერით განსხვავდება სხვა მეტალებისაგან განპირობებულია მისი ატომის აგებულებით, კერძოდ ელექტრონების განლაგებით ორბიტალებზე. რის გამოც ის შთანთქავს (ატარებს) შედარებით მოკლეტალღიანი ხილული სპექტრის ნაწილს, ხოლო შედარებით გრძელი ტალღის სიგრძის მქონე [ხილული სპექტრული ფერების ტალღის სიგრძეები თავსდება 8⋅10-5 სმ (წითელ) და 4 10-5 სმ (იისფერი) შუალედში] ნაკლები ენერგიის ფერებს აირეკლავს, რომელთაც არ აქვთ უნარი წინააღმდეგობის გადალახვის, რაც საბოლოოდ ყვითელ ფერს იძლევა. ოქროს გარდატეხის მაჩვენებელი (n=0,47) ასახავს მისი მკვეთრი გარდატეხის უნარს, სპექტრული ფერების მკვეთრად გამიჯვნას, რაც ყვითელ ინტენსიურ შეფერილობას განაპირობებს, რომელიც ოქროს ქიმიური შედგენილობის (სისუფთავის) შესაბამისად იცვლება. არეკლილი ყვითელი სხივების სრული არეკვლა კი იძლევა შუქის წყაროს ეფექტს. ოქროს ინერტულობა გარემო პირობების მიმართ ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რითაც ის გამოირჩევა სხვა პიგმენტებისაგან.
    დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით ფურცლოვანი ოქრო გამოყენებულია ფაიუმის პორტრეტებში, ტიპიური იყო მისი გამოყენება ადრეული ქრისტიანული პერიოდის ენკაუსტიკით შესრულებულ ხატებში. ყველაზე ძველ წერილობით წყაროს მისი გამოყენების შესახებ წარმოადგენს ლუკის მანუსკრიპტი (VIII საუკუნე). სადაც აღწერილია წვრილდისპერსიული თაბაშირით, სომხური ფერადი თიხითა და ცოტაოდენი თაფლის გამოყენებით ე. წ. პერგამენტის გრუნტის მომზადების და მასზე ფურცვლოვანი ოქროს დატანის შესახებ, რომელიც შემდეგ აქატით ან ამეთვისტოთი პოლირდებოდა. ზედაპირის მოპრიალების შემდეგ მასზე შეიძლებოდა მუშაობის დაწყება გამოსახულების დასატანად. გრუნტად ოქროს ქვეშ იყენებდნენ სხვადასხვა რამდენიმე კომპონენტიან შემადგენლობას მათ შორის წითელ ან ყვითელ ოხრას, ასევე ცარცს, სინგურს, შემკვრელად გამოიყენებოდა პერგამენტის წებო ან ათქვეფილი კვერცხის ცილა.
    მოოქროვების, ოქროს ფურცლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შედარებით დეტალურად გადმოცემული აქვს ჩენინო ჩენინის [4]. მისი მიხედვით თაბაშირის გრუნტით დაფარული ზედაპირი, რომელიც მომზადებულია ყველა წესის დაცვით იფარება შემდეგი კომპონენტებისაგან შემდგარი ნარევით: ფერადი თიხა (რეცეპტში მითითებულია სომხური წარმომავლობის), კვერცხის ცილა და წყალი. კარგად დამუშავებული, გასუფთავებული თიხა გაიზილება კვერცხის ცილასთან და განზავდება წყალში. მოცემული შემადგენლობა ფუნჯით დაიტანება გამზადებულ გრუნტზე რამდენიმე ფენის სახით, გარკვეული შუალედების დაცვით. მისი მოპრიალების (აქატით) შემდეგ ზედაპირს ფარავენ ათქვეფილი კვერცხის ცილისა და წყლის ნაზავით, რომელზედაც, შესაბამისი იარაღების გამოყენებით ხდება ოქროს ფურცლების დამაგრება და შემდგომ მოპრიალება.
    მოოქროვება განუყოფელი ნაწილი იყო ქართული ხატწერისათვის, მისი განვითარების მრავალსაკუნოვანი ისტორიის მანძილზე. პროცესი საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, იცვლებოდა გამოყენებული შემადგენლობები და შესრულების ტექნიკა. თანამედროვე ხატწერის თუ საეკლესიო კედლის მხატვრობის ნიმუშები წარმოუდგენელია მოოქროვებული ფონისა და შარავანდედის გარეშე.
    საქართველოში ფურცლოვანი ოქროს დასამზადებლად ძვირფასი მეტალის მცირე ზომის, წინასწარ გაბრტყელებულ ძელაკებს აწყობდნენ კარგად დამუშავებული, გლუვი ზედაპირის მქონე თანაბარი ზომის ეტრატის ნაჭრებს შორის. ათავსებდნენ ბრტყელ ქვაზე და შემდეგ სპეციალური ფართო თავიანი ტყვიის ჩაქუჩით ბეგვავდნენ თხელი ფურცლების მიღებამდე. პროცესი შრომატევადია, ოსტატობასაც მოითხოვდა და ემყარება მეტალის დიდი პლასტიკურობის უნარს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დღეს შესაძლებელია უთხელესი ფირფიტების მიღება.
    მოოქროვების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებიც გამოირჩევიან შედგენილობით და შესრულების ტექნიკით. როგორც ჩანს მოოქროვება „პოლიმენტით“ (პოლიმენტი – გერმანულიდან და ფრანგულიდან – полировать – პოლირება , მოპრიალება, მოსაპრიალებელი საშუალება) იყო ყველაზე გავრცელებუ- ლი მეთოდი, რამდენადაც მისი მრავალი რეცეპტია ცნობილი. მას მოიხსენიებენ ასევე როგორც მოოქროვებას წებოთი. მეთოდი საკმაოდ რთული და შრომატევადია, მისი შესრულება დიდ ოსტატობას და გამოცდილებას მოითხოვს. პოლიმენტის ერთი რეცეპტი ასეთია: წითელი თიხა (ცნობილია ფრანგული, სომხური და სხვა), თევზის წებო, რამდენიმე წვეთი სელის ზეთი. თიხა გამოიყენება ძალიან წვრილდისპერსიული ფხვნილის სახით [5]. ცნობილია ასეთი შემადგენლობაც: თიხა, ათქვეფილი კვერცხის ცილა და წყალი. ორივე შემთხვევაში საჭიროა მათი ერთმანეთში შერევა და გულმოდგინეთ გასრესვა კურანტით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ფუნჯით დაიტანება კარგად მომზადებულ გრუნტზე რამდენიმე ფენის სახით და გაშრობის შემდეგ მოპრიალდება აქატის საშუალებით. მოპრიალებულ ზედაპირს ასველებენ არყით, ნივრის წვენით, ან წყლით (ზედაპირის დატენიანება, დაორთქვლა), რომელზედაც აკრავენ ოქროს ფურცელს. აღნიშნული ქვეშრეები ხელს უწყობს ოქროს ფირფიტის საუკეთესო ელვარების ჩამოყალიბებას და მყარად მიმაგრებას პოლიმენტზე, რომელიც თავის მხრივ კარგად უნდა ეკვროდეს გრუნტს. დამაგრებული ოქროს ფირფიტა გულმოდგინედ პრიალდება შესაბამისი საშუალებების გამოყენებით (ბამბა, შალი, აქატი, ამეთვისტო და სხვა). ზოგჯერ პოლირების შემდეგ, მოოქროვილი ზედაპირის (ფონი და შარავანდედი) უკეთ აღქმის მიზნით, მასზე ხდება ორნამენტების ან დეკორატიული მორთულობის, გამოკვეთა (ე.წ. „ჩეკანირება“) სპეციალური იარაღების გამოყენებით. ეს ურთულესი იუველური სიზუსტით შესასრულებელი სამუშაოა, რადგან არ უნდა დაზიანდეს (გაიხეს) ოქროს უთხელესი ფურცელი და გრუნტი, რომელიც ელასტიკური უნდა იყოს.
    მეორე, ასევე ფართოდ გავრცელებულ მეთოდი იწოდება ზეთის მეთოდის სახელით. ამ შემთხვევაში გრუნტზე ოქროს ფურცლის დატანემდე უსვავენ სპეციალურ ლაქს, რომელიც ზეთისა და ფისისაგან (ქარვა) შედგებოდა. არსებობს სხვა მეთოდებიც რომლებიც ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტექნიკური ნიუანსებით და დეტალებით განსხვავდებიან. დღევანდელ პირობებში არსებობს მრავალი სახის სინტეთიკური ლაქი და სხვა მრავალი საშუალება აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად. ისევე, როგორ შესაძლებელია სხვადასხვა სახის გამზადებული „პოლიმენტის“ შეძენა.
    საინტერესოა მოოქროვების კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ვერცხლისწყლით მოოქროვება ეწოდება. მას იყენებდნენ ტაძრების შედარებით დიდი ღია ზედაპირების (გუმბათი) მოსაოქროვებლად. მეთოდი დამყარებულია ოქროს თვისებაზე არჩევითად დასველდეს ვერცხლისწყლით (ოქროს შემცველი ქანის დაქუცმაცებისას), წყლის გარემოში, მაშინ როდესაც წყლით სველდება მხოლოდ თანამდევი ქანმაშენი მინერალები. ოქრო ვერცხლისწყალთან წარმოქმნის ამალგამას. ასეთი ნარევით ფარავდნენ მოსაოქროვებელ ზედაპირს. მაღალი ტემპერატურის გავლენით ვერცხლისწყალი ორთქლდება, ოქრო რჩება მიკრული ზედაპირზე მყარად. გაცივების შემდეგ ხდება მისი მოპრიალება. ასეთნაირად მოოქროვილი ზედაპირები უძლებენ საუკუნეებს, თუმცა ტექნოლოგიურად მისი შესრულება ურთულესია და მოითხოვს უსაფრთხოების ზომების დაცვას. ცნობილია, რომ რუსეთში წმინდა ისააკის ტაძრის მოოქროვებისას (1838-1841 წწ.) ვერცხლისწყლის ორთქლით 60 მუშა დაიღუპა.
    ფურცლოვანი ოქროს გამოყენება ხატწერაში ხდებოდა ცალკეული დეტალების მოსაოქროვებლადაც, როგორიცაა იესო ქრისტეს და წმინდანების ტანისამოსი ან მისი ცალკეული ადგილები (ნაკეცის ხაზები), ასევე ანგელოზების ფრთები, ტაძრის ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი და სხვა. აღნიშნული სრულდებოდა ე. წ. „ასისტის“ მეთოდით. ამ დროს მოოქროვება ხდება მთლიანად დასრულებული სამხატვრო ფენის ზემოდან, სპეციალური მეთოდიკისა და შესაბამისი წებოს შემადგენლობის გამოყენებით. გაშრობის შემდეგ ზედაპირი ჩვეულებრივი წესით პოლირდება.
    ცალკეული დეტალების, (ზოგჯერ ძალიან მცირე) მოქროქროვებისას „ასისტის“ ტექნიკის მსგავსად ან ხშირად მის მაგივრად გამოიყენება ოქროს ფხვნილი (ოქროს პიგმენტი). წვრილდისპერსიული ოქრო სხვადასხვა შემკვრელთან (ძირითადად წებოებთან) იძლევა საღებავის სისტემას, რომელიც სხვა საღებავების მსგავსად ჩვეულებრივად მონასმის სახით დაიტანება ზედაპირზე. ასეთივე მეთოდს ზოგჯერ ფონებზე და შარავანდედში ფურცვლოვანი ოქროს მაგივრადაც იყენებდნენ. ზედაპირის მოპრიალება ამ შემთხვევაში აუცილებელია. ოქრო მონასმის სახით გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ფორმა მოითხოვს შუქს ე.ი. თავისი ბრწყინვალებით იგი სწორედ ნათელ ადგილებს აღნიშნავს.
    ოქროს ფხვნილი ოქროს ფურცლებისაგან მზადდება. ყველაზე მარტივად ეს ხდება ხელით, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში ხელით მუშავდება, იფშვნება ოქროს ფირფიტა, შედეგად მიიღება ოქროს უწვრილესი ფხვნილი, რომელიც საღებავის მისაღებად გულმოდგინეთ ისრისება წებოში (ან სხვა შემკვრელში) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფხვნილს იღებენ ასევე ოქროს ფირფიტის დამუშავებით, გასრესვით თაფლში ან გუმიარაბიკში და შემდგომ მიღებული ნარევის გარეცხვით. ოქროს დაქუცმაცების ერთი მეთოდის მიხედვით ის იხსნება „სამეფო ხსნარში“. მიღებული ხსნარით იჟღინთება დოლბანდი, რომელსაც აშრობდნენ, წვავდნენ და ნამწვავს რეცხავდნენ. ამ გზით მიიღებოდა ძალიან წვრილდისპერსიული ოქრო.
    ქართულ რეალობაში, ხელნაწერთა საფერწერო ტექნიკაში ოქროს გამოყენების უნიკალურ შემთხვევას ვხვდებით. 1300 წლით დათარიღებული მოქვის ოთხთავის მახარებელთა მინიატურები და სიუჟეტური სცენები ოქროს სარჩულზეა დახატული. ტექნიკის ამ წესს სავალალო შედეგი მოჰყვა. ამჟამად საღებავები ნახატიდან იტკიცება და ცვივა [6]. დაზიანების შემთხვევებს ვხვდებით ხატწერის სხვა ნიმუშებს შორისაც, სადაც ოქროა გამოყენებული. სავარაუდოდ, ყველა შემთხვევაში ტექნიკისა და ტექნოლოგიის არასრულყოფილად გამოყენებასთან გვაქვს საქმე. ოქრო არც საღებავის სისტემაში და არც ფურცლის სახით გამოყენებისას არავითარ პრობლემას არ შექმნის თავისი ინერტულობის გამო. არსებობს ოქროს გამოყენების ტრადიციული, საუკუნეებით გამოცდილი მეთოდები და საშუალებები, რომელთაც დიდი სიზუსტით ცოდნაა საჭირო საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ახალი, თანამედროვე საშუალებების გამოყენებისას (სინთეტიკური წებო, ლაქი და სხვა) აუცილებელია მათი დეტალურად შესწავლა, რადგან მათი მოხმარება ყოველთვის რისკის მატერებელია იმ მასალებთან შედარებით, რომლებიც დრომ გამოსცადა.
    ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ოქროს ფართო მასშტაბით გამოყენება დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში მისი მოპოვების უძველეს ტრადიციასთან. ცნობები ამის შესახებ არგონავტების ლეგენდის გარდა შემონახულია ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების ტექსტებში. მითს არგონავტების შესახებ გააჩნია მყარი საფუძველი, რადგან თანამედროვე პირობებში მდინარეების რიონისა და ენგურის სათავეებში ოქროს რამდენიმე საბადო-გამოვლინებაა ცნობილი, რომლებზეც სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ოქროს გამოვლინებები ცნობილია საქართველოს სხვა ადგილებშიც ( აჭარა, გურიის მხარე, მდ. ძამა-გუჯარეთის ხეობა, ძირულის მასივი და სხვა). რაც შეეხება ქვემო ქართლს (ბოლნისის რაიონი) აქ მოპოვებითი სამუშაოები გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს და რამდენიმე ათეული ტონა ოქროა მოპოვებული. ბოლო დროს ჩატარებული სამთო-არქეოლოგიური კვლევებით, საქართველოში, კერძოდ ბოლნისის რაიონში, საყდრისში დადასტურდა ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელ ევრაზიაში, რომელიც მოძიებული მასალების მიხედვით IV – III ათასწლეულებით თარიღდება [7]. საყდრისის მაღაროები უძველესია მსოფლიოში, ის თითქმის ნახევარი ათასწლეულით წინ უსწრებს ეგვიპტის ცნობილ ოქროს მაღაროებს.
    ამდენად შესაძლებელია ითქვას, რომ ოქრომჭედლობისა და ოქროს გამოყენების სხვადასხვა სფეროს განვითარება საქართველოში განპირობებული იყო ადგილობრივი სანედლეულო ბაზის არსებობით. საინტერესოა, რომ ძველ ქართულში და მის კილოკავებში კალას-ს გარდა არც ერთი მადნის სახელი არ მოიპოვება, რომელიც უცხო ენიდან იყოს ნასესხები, მათ შორის ოქრო ( ორქო, ვქრე და სხვ.) [8].

    ლიტერატურა
    Е. Я. Киевленко, Н. Н. Сенкевич – Геология Местораждений Поделочных Камней. Издательство »Недра» Москва 1983г.
    საქართველოს ისტორია (ოთხ ტომად) ტომი I (მთ. რედაქტორი მ. ლორთქიფანიძე) გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012წ.
    ა. გ. ბეტეხტინი – მინერალოგიის კურსი, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“ თბილისი 1957წ.
    Ченино Ченини – Книга об искусстве или трактат о живописи. Издательство « Огаз-изогаз» Москва 1933г.
    Б. Сланский – Техника живописи. Издательство АХ СССР 1961г.
    ე. მაჭავარიანი – წიგნის ხელოვნება ძველ საქართველოში. გამომცემლობა „უნივერსალი“ თბილისი 2008 წ.
    ირ. ღამბაშიძე, თ. შტოლნერი და სხვ. – საყდრისი – ოქროს უძველესი წარმოების კერა, გამომცემლობა „მწიგნობარი“თბილისი 2010წ.
    ქართველები. (ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შეწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი) გამომცემლობა «პალიტრა L» თბილისი 2016წ.

    May 10, 2017

    0 Responses on მურად ტყემალაძე - ოქროს როლი და მნიშვნელობა ხატწერაში"

    Leave a Message

    Your email address will not be published. Required fields are marked *