ბიბლიაში ღვთის სიტყვაა აღბეჭდილი, რომელსაც ეკლესიაში ჩამოყალიბებული დოგმატური სწავლება ეყრდნობა. ეკლესიის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ამ მოძღვრების მცდარობის დამტკიცებაა. მისი განხორციელებისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დღესაც გრძელდება. ის ბიბლიის ავტორიტეტის შელახვისა და ღვთივსულიერ წიგნებზე დამყარებული სწავლების დარღვევისკენ არის მიმართული.
თავდასხმების მთავარი საგანი მოსეს ხუთწიგნეულია, რომელსაც ძველი აღთქმის ეკლესიისთვის რჯულდებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ძველი აღთქმის ისტორიისა და თითოეული წიგნის საფუძველი იყო. ხუთწიგნეულს ეყრდნობოდნენ ძველი აღთქმის მართლები და წინასწარმეტყველები, იმოწმებდა მაცხოვარი, შემდგომ კი – მოციქულები. ხუთწიგნეულის ავთენტურობის კრიტიკა მიზნად ისახავს ძველი აღთქმის წმინდა წერილის ისტორიული ავტორიტეტის შელახვას და მისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ აზრის უარყოფას.
ამრიგად, ხუთწიგნეულზე განხორციელებული თავდასხმა ქრისტიანობაზე მიმართული ბრძოლაა.
ბიბლიის რაობა
ტერმინ „ბიბლიის“ შესახებ
ტერმინ „ბიბლიით“ აღინიშნება ძველი და ახალი აღთქმის წიგნების კრებული, რომელთა რაოდენობა ეკლესიის მიერ მკაცრად არის განსაზღვრული. ხსენებული ტერმინი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან to` bibli`on . ის, პირველადი მნიშვნელობით, მცენარეს აღნიშნავდა (ეგვიპტური პაპირუსი, ქართული ჭილი). ტერმინი, განვითარების მომდევნო ეტაპზე, ხსენებული მცენარისგან დამზადებული საწერი მასალის შესატყვისი იყო, შემდეგ კი „წიგნის“ მნიშვნელობა მიიღო. რამდენადაც წმინდა წერილი არის წიგნების კრებული, რომლებიც სხვადასხვა დროსა და გეოგრაფიულ არეალში, სხვადასხვა ავტორის მიერ დაიწერა, ამდენად მას „ბიბლია“ (ე. ი. „წიგნები“) უწოდეს. ის ბერძენ ავტორთაგან სიტყვასიტყვით ლათინებთან გადავიდა, სადაც დროთა განმავლობაში მხოლობითი რიცხვის საშუალი სქესის ბერძნულმა სიტყვამ მდედრობითი სქესის მხოლობითი რიცხვის ლათინური შესატყვისის მნიშვნელობა მიიღო (Biblia, gen. Bibliae). ეს ერთგვარად „ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ერთმთლიანობის რწმენის შედეგია, რომელთა უპირველესი ავტორი ღმერთია“ (Вигуру 1916: 2).
ტერმინი „ბიბლია“ წმინდა წერილში, ძველი აღთქმის წიგნებთან მიმართებით, I მაკაბელთა წიგნში გვხვდება: „და ჩუენ უკუე არა მოჴამს ვიყვენით ამათ მყოფთა, ნუგეშის-ცემა გუაქუნდა წმიდათა წიგნთა, რომელნი არიან ჴელთა შინა ჩუენთა“ . მისი ებრაული შესატყვისი ha-sepharim (הַסְּפָרִים) წინასწარმეტყველ დანიელის წიგნშია მოცემული: „მე – დანიელ გულისხმა-ვყავ წიგნთაგან (ებრ.:בַּסְּפָרִים) რიცხჳსა წელთაჲსა, რომელ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა აღსრულებისა მის მოოჴრებისა იერუსალემისა სამეოც და ათ წელ“ .
ფიქრობენ, რომ ზემოხსენებული ტერმინის საყოველთაო ხმარებაში შემოსვლა ორიგენეს დროიდან (II-III სს.), ხოლო წმინდა მამათა ლიტერატურაში დამკვიდრება IV ს.-დან, წმინდა იოანე ოქროპირის სამოღვაწეო ეპოქაში იწყება. თუმცა, მას ძველი აღთქმის წმინდა წერილის მნიშვნელობით ჯერ კიდევ კლიმენტი რომაელის კორინთელთა მიმართ II ეპისტოლეში ვხვდებით: „არა მგონია, არ იცოდეთ, რომ ცხოვრელი ეკლესია ქრისტეს სხეულია , – რადგან წმინდა წერილი ამბობს: „შექმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად“ , მამაკაცი არის ქრისტე, დედაკაცი კი ეკლესია, – და რომ წმინდა წიგნთა და მოციქულთა თანახმად, ეკლესია ახლა კი არ არის შექმნილი, არამედ დასაბამიდან არსებობს…“ (14. 2) .
ახალი აღთქმის წიგნებში ძველი აღთქმის წმინდა წერილის შემდეგ შესატყვისებს ვხვდებით: „წერილი“ (ბერძნ. Grafh/), „წერილები“ (ბერძნ. Grafai/), „წმინდა წერილი“ (ბერძნ. Grafai/ a(gi/ai), „საღმრთო წერილი“ (ბერძნ. I(era& Gra/mmata).
რაც შეეხება ტერმინ „აღთქმას“ (ბერძნ. Diaqh/kh), მისი შექმნა სამოცდაათ მთარგმნელს უკავშირდება. ის თარგმანია ებრაული სიტყვისა berit (בְּרִית, ქართ. „კავშირი“, „ხელშეკრულება“), რაც გულისხმობს ღვთის კავშირს თავის ერთან; გავრცელებული აზრით, სიტყვა „აღთქმა“, ასევე, აღნიშნავს წიგნებს, რომელნიც ამ კავშირს ასახავენ. ახალი აღთქმის წმინდა წერილში პირველად ეს ტერმინი პავლე მოციქულს აქვს, ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნებთან მიმართებით, გამოყენებული (ბერძნ. Palaia& Diaqh/kh) . ხოლო ტერმინი „ახალი აღთქმა“ (ბერძნ.: Koinh& Diaqh/kh, ებრ. בְּרִית חֲדָשָׁה) პირველად, „იერემიას წინასწარმეტყველებაშია“ მოცემული: „ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღთქუმა ვყო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა, აღთქმაჲ ახალი“ .
ეკლესიის სწავლება წმინდა წერილის ღვთივსულიერების შესახებ
წმინდა წერილის ერთადერთი, ჭეშმარიტი ავტორი სულიწმინდაა. ავტორები, რომელთა სახელი დაკავშირებულია ბიბლიის ამა თუ იმ წიგნთან ერთგვარ „იარაღად“ გვევლინებიან ღვთის ხელში. ამიტომ წერილი, რომელიც ღვთის შთაგონებით, სხვადასხვა პიროვნების მიერ დაიწერა, წმინდად და ღვთივსულიერად იწოდება .
ბიბლიის ღვთაებრივ წარმომავლობას მისი შეუდარებელი ხასიათიც ცხადყოფს. ის იწყება ქვეყნიერების შექმნით და მთავრდება „აპოკალიფსით“. მასში გადმოცემული პირველი სიტყვა უფლის მიერ ქვეყნიერების არარსებობიდან არსებობაში გამოხმობას გულისხმობს, უკანასკნელი კი – მეორედ მოსვლის შესახებ გვაუწყებს. ბიბლია არის წიგნი, რომლის წერაც სინას უდაბნოში დაიწყო, რათა მრავალი ასწლეულის შემდგომ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე დამთავრებულიყო. ეს საღვთო წიგნები ქმნიან ერთ, სრულ და თანმიმდევრულ მთლიანს. თითოეული წიგნი ბიბლიისა წარმოადგენს „ერთ ნაწილს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ საღვთო სხეულისა“ (Вигуру 1916: 8). ბიბლია უფლისგან დადგენილი ერთი გეგმით არის შედგენილი. წმინდა წერილის მთავარი იდეა გამოსყიდვის საიდუმლოა, რომლის შესახებ პირველი უწყება „დაბადების“ მესამე თავშია ასახული , ის ბიბლიის შემდგომ ნაწილებში სულ უფრო მეტად ცხადდება. საღმრთო წერილი არის კაცობრიობის მატეანე, მისი გამოსყიდვის ისტორიასთან გადაჯაჭვული.
ამრიგად, წმინდა წერილის წიგნთა ავტორებს მიემართება ტერმინი „ღვთივშთაგონებული“. სიტყვა „შთაგონება“ (ლათ. inspiratio) დასავლური წარმოშობისაა. ის ვულგატას შემდეგი ადგილიდან მომდინარეობს: „non enim voluntate humana adlata est aliquando prophetia sed Spiritu Sancto inspirati locuti sunt sancti Dei homines“ . მისი ბერძნული შესატყვისი φέρεσθαι მიზანმიმართულ აღძვრას გულისხმობს. φέρειν პლუტარქესა და სხვა ბერძენ ავტორებთან შემდეგი მნიშვნელობისაა: რაღაცაზე გავლენის ქონა, ვიღაცის რაღაცისთვის წაქეზება . ტერმინს, რომელიც, ბერძნული სიტყვის გადმოსაცემად იყენებს ვულგატა, რაიმეში შთაბერვას, მის სულით გავსებას უკავშირდება. πᾶσα γραφὴ θεόπνευστος…“ – ბრძანებს პავლე მოციქული. Πνέω, საიდანაც მომდინარეობს θεόπνευστος, ლათინურად გადმოიცემა სიტყვით inspirare. Omnis Scriptura divinitus inspirata , როგორც გადმოსცემს ვულგატა სიტყვასიტყვით ბერძნულს.
წმინდა წერილის ღვთივსულიერების წინააღმდეგ ჯერ კიდევ ევნომიანელთა ერეტიკული მიმდინარეობა (IV ს.) გამოდიოდა. ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგებოდა, ასევე XVI ს.-ის პროტესტანტი სწავლული ჰუგო გროცი. მან ღვთივშთაგონების მნიშვნელობა მწერლის ოდენ შეცდომებისგან დაზღვევის ჩარჩოში განათავსა. ხოლო ფილოსოფოსი სპინოზა (XVII ს.) შთაგონების არსებობას საერთოდ უარყოფდა. მსგავსი აზრით საზრდოობენ თანამედროვე რაციონალისტ-მწერალთა შრომები. ისინი ეკლესიის წმინდა წერილის ღვთივსულიერების შესახებ სწავლებას უარყოფენ.
ისაგოგიის რაობა
ტერმინ „ისაგოგიის“ შესახებ
ისაგოგია არის ერთ-ერთი საღვთისმეტყველო დისციპლინა, რომლის შესწავლის საგანი არის ბიბლია, ისტორიულ-კრიტიკული კუთხით (ავთენტურობა, ქრონოლოგია, ტექსტუალური კრიტიკა და სხვა). ის, ასევე, ბიბლიის კანონისა და წმინდა წერილის ღვთივსულიერების საკითხებს მოიცავს.
ისაგოგია მეთოდოლოგიის მხრივ ეგზეგეტიკას წინ უსწრებს და მისგან განსხვავდება იმით, რომ წმინდა წერილთან მიმართებით წინასწარი, შესავალი სახის საკითხებს ეხება. ისაგოგია ასევე იწოდება როგორც: „შესავალი წმინდა წერილში“. განსახილველი საკითხის მოცულობის მიხედვით ის ორ ნაწილად იყოფა:
I. „ზოგადი შესავალი“: 1. ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნების წარმოშობის ისტორია; 2. ძველი აღთქმის წიგნთა კანონის ისტორია; 3. ძველი აღთქმის წმინდა წერილის ტექსტის ისტორია; 4. ძველი აღთქმის წიგნთა თარგმანების ისტორია; 5. ძველი აღთქმის წიგნთა განმარტების ისტორია.
II. „კერძო შესავალი“: საკუთრივ თითოეული ბიბლიური წიგნის წარმომავლობა ავთენტურობა და კანონიკური ღირსება.
ტერმინი „ისაგოგია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან e>sagwg/ ეს ტერმინი ხსენებულ საღვთისმეტყველო დისციპლინასთან მიმართებით ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა. IV საუკუნეში ბერმა ადრიანემ თავის ნაშრომს უწოდა Εισαγωγή εις τάς γραφάς. მისი შრომა წმინდა წერილის ჰერმენევტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად ამისა, მისთვის „ადრიანეს მიერ მიცემული სახელი შენარჩუნდა და ქრისტიან ღვთისმეტყველებთან დღევანდლამდე უპირატესად გამოიყენება“ (Юнгеров).
ზემოხსენებული ტერმინის გვერდით ადრეულ საუკუნეებში ვხვდებით მის მეორე შესატყვისსაც: „სინოფსისი“ (ბერძნ. svnoyi~) . ეს ტერმინი წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა ათანასე დიდის „სინოფსისებშია“ გამოყენებული.
„შესავალი წმინდა წერილში“
(ძველი აღთქმა, საკითხის მოკლე სიტორია)
ზემოხსენებული ბერი ადრიანეს შრომისგან განსხვავებით, ისაგოგიის საკითხებს მეტად უახლოვდება წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა ათანასე დიდის „სინოფსისები“. „ორივე ამ სინოფსისს, მართალია კრიტიკა მათ ავთენტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ისაგოგიის მეცნიერების შექმნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ და ჰქონდათ, განსაკუთრებით იმ სახელების გამო, რომელთაც მიეწერებოდათ ისინი“ (Юнгеров). მსგავსი სახის შრომები ეკუთვნით: ნეტარ ავგუსტინეს, იუნილიას და კასიოდორს. ისინი გადმოსცემენ ჰერმენევტიკულ წესებს, წმინდა წერილის შემცველობას, ცნობებს მასში შემავალ წიგნთა წარმომავლობის შესახებ და ბიბლიურ წიგნთა სწავლებას. მსგავსი სახის შრომა ეკუთვნის ნ. ლარს (+ 1340), რომელშიც აღდგენილია ნეტარი იერონიმეს თვალსაზრისი კანონიკური და არაკანონიკურ წიგნთა შესახებ.
XVI ს.-ში პროტესტანტობის ჩამოყალიბებისა და საღვთისმეტყველო კამათების წარმოქმნის შემდგომ ზემოხსენებული საკითხებით კათოლიკე ღვთისმეტყველებიც დაინტერესდნენ. დაიწყო ისაგოგიური საკითხების ღრმა კვლევა და დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება ძველი აღთქმის ებრაულ ტექსტებსა და უცხოენოვან თარგმანებს ეთმობოდა. ერთი მხრივ სწავლულები: კაპელლუსი, მორინი, ვალტონი, გოდი და სიმონი ძველი აღთქმის ორიგინალ ტექსტთა მნიშვნელოვან სახეცვლილებას უჭერდნენ მხარს, რომელიც თანამედროვე, ხელთ-არსებულ ხელნაწერებში იყო ასახული. მეორე მხრივ – იოანე და იაკობ ბუკსტროფები ებრაული ტექსტის ურყევი ავტორიტეტისა და უცვალებლობის აპოლოგეტებად გამოდიოდნენ. მათი თქმით მასორეტული ტექსტი პუნქტუაციასა და აქცენტუაციაშიც კი ემთხვეოდა მის პირვანდელ ვარიანტს.
ისაგოგიური საკითხების განვითარების შემდგომი ეტაპი რაციონალისტურ კრიტიკასთანაა დაკავშირებული (XVII ს.-ის ბოლო და XVIII ს.-ის დასაწყისი). მას საფუძვლად ანგლო-ფრანგული დეიზმის ფილოსოფიური იდეები დაედო, რომელიც საღვთო გამოცხადებას, ბიბლიის ღვთივსულიერებასა და ავტორიტეტულობას უარყოფდა. ეს იდეები, ბიბლიასთან მიმართებით, გამოიყენეს ფილოსოფოსებმა: სპინოზამ და ჰობსმა. ისინი უარყოფდნენ გამოცხადების, სასწაულების და წინასწარმეტყველების არსებობას. უარყოფით დასკვნებს აკეთებდნენ წმინდა წერილის წიგნების ავთენტურობასა და მათი ტექსტების დაუზიანებლობასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ბრალდებას წმინდა წერილისადმი მართლმადიდებლურ-აპოლოგეტური ისაგოგიის „მამად“ წოდებულმა, კარპცოვმა გასცა პასუხი, კამათი არ შეწყდა. ხსენებულ ფილოსოფოსთა აზრი გამოიყენა ზემლერმა და ეიხგორნმა. ეს უკანასკნელი ძველი აღთქმის წმინდა წერილს ერთ-ერთ შრომაში „ძველი დროისა და შორეული აზიის ძეგლებს“ უწოდებდა. ხსენებულმა თვალსაზრისებმა საბოლოო სკეპტიციზმამდე განვითარებას დე ვეტტეს შრომაში მიაღწიეს.
XIX ს.-ის 30-იან წლებში განვითარება დაიწყო ე. წ. „ევოლუციურმა“ ჰიპოთეზამ, რაც ხუთწიგნეულის შექმნას ძველი აღთქმის წიგნებში ყველაზე მოგვიანო პერიოდს უკავშირებდა. ევოლუციონიზმის დამკვიდრება კი XIX ს.-ის ბოლოსა და XX ს.-ის დასაწყისში დაიწყო.
ისაგოგიურ კვლევას ორი მხარე ახასიათებს: უარყოფით-კრიტიკული და მართლმადიდებლურ-აპოლოგეტური. ეს უკანასკნელის XVII, XVIII და XIX სს.-ში, დასავლეთ ევროპაში გავრცელებული რაციონალისტური სწავლების აღმოფხვრის მიზნით, განსაკუთრებული ინტერესით დამუშავდა. საკითხის გადაწყვეტამ პოლემიკური ხასიათი შეიძინა. ადრეულ პერიოდში ისაგოგიური საკითხები ღვთივსათნო საღვთისმეტყველო ინტერესისა და მკითხველისათვის წმინდა წერილის მეტად ჩაღრმავების საშუალების მიცემის მიზნით მუშავდებოდა. ხოლო XVI-XVII სს.-სა და შემდგომ ეპოქაში ხსენებული საკითხების კვლევა, ერთი მხრივ, წმინდა წერილის ავტორიტეტისა და მასზე დამყარებული ეკლესიის სწავლების დარღვევის, ხოლო მეორე მხრივ, საღვთო წერილისადმი წაყენებულ აბსურდულ ბრალდებათა უარყოფის მიზნით გაგრძელდა.
ხუთწიგნეულის შესახებ
(ზოგადი ცნობები)
ძველი აღთქმის წიგნები, პირობითად, ოთხ ნაწილად განიყოფებიან: 1. რჯულდებითნი; 2. ისტორიულნი; 3. სწავლა-მოძღვრებითნი და 4. საწინასწარმეტყველო.
რჯულდებით წიგნებს მოსეს ხუთწიგნეული მიეკუთვნება („დაბადება“, „გამოსლვათა“, „ლევიტელთა“, „რიცხუთა“ და „მეორე სჯულისა“).
ფსევდო კრიტიკისა და მეცნიერების პერიოდში ხუთწიგნეულზე ძლიერი თავდასხმა განხორციელდა. შესაბამისად, რათა რწმენა დაცულ იქნეს, აუცილებელია მთავარი საწინააღმდეგო თვალსაზრისების ცოდნა, რომლებიც მისი ავთენტურობისა და ხელშეუხებლობის საწინააღმდეგოდ იქნენ გამოთქმულნი, ასევე ცოდნა არგუმენტებისა, რომლებითაც მოხდება საღვთო წერილის ავტორიტეტის დაცვა.
ხუთწიგნეული წმინდა წერილის წიგნთა შორის, უძველესია, როგორც დაწერის (ძვ. წ. XVI ს.), ასევე, მასში გადმოცემული მოვლენების თვალსაზრისით, მაგ.: სამყაროს შექმნა, ხელოვნებათა და ხელობათა წარმოშობა, წარღვნა, ხალხთა გადასახლება, სახელმწიფოთა ფორმირება და სხვა. მასში გადმოცემულია მოსეს რჯული, რომელიც ებრაელი ერის ცხოვრებას წარმართავდა, მის საჭიროებებს, ხასიათსა და ისტორიულ მისიას ეთანადებოდა. ხუთწიგნეულში ძველი აღთქმის მართალთა სახით ღვთივსათნო ცხოვრების უდიდესი მაგალითებია მოცემული.
შესიტყვება „ხუთწიგნეული“, ადრეული საუკუნეებიდან, წმინდა მამათა ლიტერატურაში გამოყენებული ტერმინი πεντάτευχος-ის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია. თალმუდისტურ ლიტერატურაში მას შემდეგი ტერმინები მიემართება: khamishsha khumeshe tora (תּוֹרָה חֻמְשֵׁי חֲמִשָּׁה – სიტყვ. თორას ხუთი ნაწილი), khameshet siphrei tora (תּוֹרָה סִפְרֵי חֲמֵשֶׁת – სიტყვ. თორას ხუთი წიგნი) ან khumash (חֻמָּשׁ) . ტერმინი „ხუთწიგნეული“ უძველესი წარმომავლობისაა, ის ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსისა და ფილონ ალექსანდრიელის შრომებშია მოცემული.
ძველი აღთქმის პიველი ხუთ წიგნს, რომელთაც ერთი ავტორი ჰყავთ – მოსე, წმინდა წერილში მიემართება ტერმინები: „წიგნი სჯულისა“ , „წიგნი აღთქმისა“ , „მოწმობა“ ან „სჯული“ .
ხუთწიგნეულის ავთენტურობის საწინააღმდეგოდ გამოთქმული მოსაზრებანი (საკითხის ისტორია)
ხუთწიგნეულის ავთენტურობის საკითხის წამოჭრა მის შესახებ ადრეულ ერეტიკულ ცრუ სწავლებასა და უკანასკნელი პერიოდის გაუკუღმართებულ აზრს უკავშირდება.
ხუთწიგნეულის ავთენტურობის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ჯერ კიდევ ადრეული საუკუნეების ერეტიკოსები გამოთქვამდნენ. მწვალებელი ვალენტის მოწაფე, გნოსტიკური ერესის მიმდევარი, პტოლემეოსი (ჩვ. წ. II ს.) ამტკიცებდა, რომ ძველი აღთქმის რჯული მხოლოდ გამოცხადებით კი არ იყო მოცემული, არამედ მის შექმნაში მოსე და ერის უხუცესებიც იღებდნენ მონაწილეობას. მსგავსი მწვალებლური აზრებით გამოდიოდნენ ნაზორეველები (ებიონიტური ერესი). მათი მტკიცებით, მართალია მოსემ ზეციდან მიიღო რჯული, მაგრამ ამ უკანასკნელსა და ხუთწიგნეულში აღბეჭდილ კანონებს შორის განსხვავება იყო. ისინი ხუთწიგნეულის დიდი ნაწილს ნატყუარად მიიჩნევდნენ. ფსევდო კლემენტინებში წერია, რომ მოსემ ზეპირსიტყვიერად გადასცა რჯული, რაც მისი სიკვდილის შემდგომ ხუთწიგნეულში ჩაიწერა. აღნიშნული ქმედების წინააღმდეგი იყო მოსე, ამიტომ ხუთწიგნეული ხშირად ნადგურდებოდა და აღდგებოდა ახალი დამატებებით. XII ს.-ში ბოგომილები ხუთწიგნეულს სატანის ქმნილებად მიიჩნევდნენ. ხოლო შუა საუკუნეების იუდეველი რაბინები: ისააკ ბენ სოლომონი (IX ს.), ისააკ ბენ იაზოსი (XI ს.) და აბენ ეზრა (XII ს.) ხუთწიგნეულის ზოგიერთი სექციის ავთენტურობას უარყოფდნენ (მაგ.: შესაქ. 12. 6; 22.14; 36) და მათ მოგვიანო ჩამატებებად თვლიდნენ.
XVI ს.-დან დაიწყო თვალსაზრისის გავრცელება, რომლის მიხედვით ხუთწიგნეული, დღევანდელი სახით, მეორე ტაძრის პერიოდის ქმნილება იყო. კარლშტადტმა , რეფორმაციის პერიოდში, პირველად გამოთქვა კრიტიკული მოსაზრება ხუთწიგნეულის ავთენტურობასთან დაკავშირებით. XVII ს.-ში საწინააღმდეგო მოსაზრებათა რაოდენობა გაიზარდა. ამ საკითხით ფილოსოფოსებიც დაინტერესდნენ. თომას ჰობსი „ლევიათანში“ მოსეს დაწერილად, მხოლოდ, „მეორე შჯულისა“-ს მიიჩნევდა. ისააკ პერერი ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორთა სიმრავლეზე მიუთითებდა. ბარუქ სპინოზა ხუთწიგნეულის თანამედროვე ფორმის ავტორად ბაბილონის ტყვეობის შემდგომ მოღვაწეს, ეზრას მიიჩნევდა. მრავალი სწავლული, ხსენებული წიგნის ავთენტურობის საწინააღმდეგოდ, მასში აღწერილ მოვლენათა გამეორებათა, სხვადასხვა ეპიზოდთა შორის წინააღმდეგობათა და გამოტოვებათა შესახებ საუბრობდა .
1753 წელს ანონიმი ავტორის სახელით ბრიუსელში გამოიცა ლუდოვიკო XIV-ს კარის ექიმის, ასტრიუკის შრომა: „ორიგინალი მემუარების განხილვა, რომელნიც შესაქმის წიგნის შედგენისას ემსახურებოდნენ მოსეს“. მას ეკუთვნის მოსაზრება ე. წ. „იაჰვისტური“ და „ელოჰისტური“ დოკუმენტების არსებობისა. ამ დასკვნამდე ხსენებული ექიმი „შესაქმეში“ ღმერთის ორი სახელის მონაცვლეობით გამოყენების საფუძველზე მივიდა. მისი აზრით, მოსემ ხსნებული წყაროები გამოიყენა „შესაქმის“ დასაწერად. ეს ვარაუდი გერმანელმა ბიბლეისტმა ეიხგორნმა გაავრცელა. ის ბიბლიური წიგნების ღვთივსულიერებას უარყოფდა . შემდგომ პერიოდში „იაჰვისტური“ და „ელოჰისტური“ წყაროების შესახებ მოსაზრება, გარკვეული ინტერპრეტაციებით, ხუთწიგნეულის ყველა წიგნზე გავრცელდა. რაციონალისტები, ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, „დამტკიცებულ ფაქტად მიიჩნევდნენ, რომ ხუთწიგნეული სხვადასხვაგვარი შრისგან შემდგარი მოზაიკის სახე იყო“ (Вигуру 1916: 361). XIX ს.-ში უარყვეს მოსე, როგორც ამ დოკუმენტების შემკრები. ჩამოყალიბდა ე. წ. „ფრაგმენტების“ ჰიპოთეზა, რომელიც ფატერს ეკუთვნის. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ხუთწიგნეული მცირე ფრაგმენტებისგან შედგებოდა. ხსენებული თეორიის მიხედვით, ფრაგმენტების ერთი ნაწილი ეკუთვნოდა მოსეს, მეორე – მის თანამედროვეებს, „მეორე სჯულისა“ დავითისა და სოლომონის ეპოქებში შეიქმნა, ხოლო ხუთწიგნეულის დღევანდელი ფორმა ბაბილონის ტყვეობის შემდგომი პერიოდის შემოქმედება იყო. „ფრაგმენტების“ ჰიპოთეზას ეთანხმებოდნენ სწავლულები: ავგუსტა, დე-ვეტტე, გარტმანი, ბოლენი და სხვები. გარტმანის მოსაზრებით ებრაელები წერის ხელოვნებას სამუელ წინასწარმეტყველის მოღვაწეობის პერიოდში გაეცნენ. ხოლო ხუთწიგნეულში ლეგენდარული ამბები იყო თავმოყრილი. ამრიგად, ის თქმულებათა კრებულად გამოაცხადეს. დელიჩი მას უწოდებდა „ფრაგმენტების მოზაიკას“. შემდგომ, ხსენებული ვარაუდი ე. წ. „ჩამატებათა“ ჰიპოტეზამ შეცვალა. სტიოხელინმა და ტუხმა „დოკუმენტების“ ჰიპოთეზას ფორმა შეუცვალეს. ეს მოსაზრება პირველად ევალდმა 1831 წელს გამოთქვა, რომელიც მრავალმა ბიბლიის კრიტიკოსმა გაიზიარა. უნდა აღინიშნოს, რომ ქმნის პროცესისა და ავტორთა შესახებ ისინი განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ხსენებული ჰიპოთეზის თანახმად, ხუთწიგნეული შეიცავს საწყის ტექსტუალურ ფენას და მოგვიანო ჩამატებებს, რომელიც, შევსების მიზნით, „ვიღაც“ რედაქტორმა განახორციელა.
დასასრულ, გადმოვცემთ „ევოლუციურ“ ჰიპოთეზას. ის დღევანდელ კრიტიკულ ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებულია და ძველი აღთქმის წმინდა წერილის ყველა წიგნს ეხება, როგორც წარმომავლობის, ასევე ისტორიული სინამდვილის თვალსაზრისით. არსობრივი თეზისები ამ ჰიპოთეზისა სწავლული რეისის ჩამოყალიბებულია :
1) ისრაელის გადმოცემები მოწმობენ, რომ მოსემ ძველი გადმოცემები და საკუთარი კანონები ჩაწერა და მათი რედაქტირება მოახდინა.
2) მსაჯულთა და მეფეთა წიგნები მოსეს კანონების საწინააღმდეგო სულითაა დაწერილი. ამრიგად მსაჯულთა ხანაში მოსეს სჯული არ არსებობდა.
3) ძვ. წ. VIII და IX სს.-ის წინასწარმეტყველები მოსეს ხუთწიგნეულს არ იცნობდნენ.
4) წინასწარმეტყველ იერემიას პირველად მოაქვს ციტატები „მეორე სჯულისა“-დან.
5) ეპიზოდი „მეორე სჯულისა“-ს პოვნის შესახებ ნატყუარია. სინამდვილეში, ხსენებული წიგნი ისრაელის მეფე ოსიას დროს შეადგინეს მღვდლებმა, სადაც, ნაწილობრივ, ძველი კანონები შევიდნენ.
6) ეზეკიელი რელიგიურ რიტუალთა კანონების სრულ რედაქციებზე უწინარეს, იერარქიის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ცხოვრობდა.
ამრიგად, წინასწარმეტყველები რჯულის შექმნამდე იყვნენ, ხოლო ფსალმუნები მის შემდეგ დაიწერა.
ზემოხსენებული ჰიპოთეზა მომდევნო პერიოდში განვითარდა. რაციონალისტი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მოსეს მოღვაწეობის პერიოდში და შემდგომაც, ვიდრე წინასწარმეტყველთა გამოჩენამდე ებრაელები კერპთმსახურები იყვნენ და არაფერი იცოდნენ ერთი ღმერთის შესახებ. მხოლოდ წინასწარმეტყველებმა უქადაგეს ისრაელიანებს ერთი ღმერთი, რის გამო მათ მრავალი წინააღმდეგობა შეხვდათ. დროთა განმავლობაში ხსენებულ მოღვაწეებს ებრაელთა ნაწილი შეუერთდა, მათი ნააზრევი ჩაიწერეს და უძველეს ეპოქას მიაკუთვნეს. გამოჩნდა, განსაკუთრებით ტყვეობის პერიოდში, მრავალი ბიბლიური წიგნი, საღვთისმსახურო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიქმნა მოსეს რჯული, შემდეგ კი – ამ უკანასკნელით წარმართული ებრაელი ხალხის ისტორია. ამრიგად, „ევოლუციური“ ჰიპოთეზის მიხედვით, ბიბლიური წიგნები ნატყუარია.
თანამედროვე ბიბლიურ კრიტიკას უარყოფით კრიტიკას უწოდებენ. აღნიშნული სახელდების მიზეზი, რიბინსკის თქმით, შემდეგია: „უახლესი ბიბლიური კრიტიკის გაბატონებული მიმართულება ძველი აღთქმის წიგნების შესახებ ლიტერატურულსა და ისტორიულ საკითხებში საეკლესიო ტრადიციას უარყოფს“ (Рыбинский 2005: 612).
უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი პერიოდიდან ძველი აღთქმის წიგნთა და, განსაკუთრებით, მოსეს ხუთწიგნეულის საწინააღმდეგოდ გამოთქმულ მოსაზრებათა სიმრავლე და ნაირგვარობა, კრიტიკულად განწყობილ მეცნიერთა უთანხმოება, მერყეობა და გამოთქმული დასკვნების უსაფუძვლობა იმთავითვე მათ მცდარობაზე მოწმობს. აი რას ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით: „მოჩვენებითი კრიტიკა… ხუთწიგნეულის წარმომავლობის საკითხის თავისებურად გადაჭრისთვის მუშაობს, მან აქამდე მხოლოდ საპირისპირო ჰიპოთეზების გრძელი რიგი ჩამოაყალიბა, რომელიც არანაირ სერიოზულ შედეგებამდე არ მისულა. ყოველი მისი მტკიცება თვითნებურია. ის ერთსულოვანი ოდენ იმ პუნქტშია, რომ მოსე არ არის იმ წიგნის ავტორი, რომელსაც მას მიაწერდნენ ყოველ საუკუნეში, ვიდრე დღევანდელ დღემდე…“ (Вигуру 1916: 366).
ხუთწიგნეულის ავთენტურობის დამადასტურებელი მოწმობანი
ხუთწიგნეულის ავთენტურობის საკითხი ეკლესიაში არასოდეს ყოფილა სადავო. მისი ავტორი, როგორც ახალი აღთქმის, ასევე ძველი აღთქმის ეკლესიის წევრთა ურყევი რწმენით, იყო წინასწარმეტყველი მოსე.
უპირველეს ყოვლისა, ხუთწიგნეულის ავთენტურობაზე თავად წმინდა წერილი მოწმობს. ხუთწიგნეულის ავთენტურობა მისი შემადგენელი წიგნებიდანვე დასტურდება. მათში მრავალ ადგილზე იხსენიება, რომ მოსე უფლის სიტყვებს განსაზღვრულ წიგნში აღბეჭდავდა . ხსენებულ წინასწარმეტყველს უფლისაგან ხშირად ევალებოდა გარკვეული მოვლენის აღწერა , მაგ.: „გამოსლვათა“ წიგნში წერია: „ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა და მიეც იგი ყურთა ისუჲსთა, რამეთუ აჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისი ცასა ქუეშე“ . მასორეტულ ტექსტში სიტყვა „წიგნს“ განსაზღვრული არტიკლი הַ უძღვის წინ. ამრიგად, მოტანილ მუხლში განსაზღვრულ წიგნზეა საუბარი, ამასთან, ისეთზე, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებიან და დავიწყების საშიშროების წინაშე არ დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნებოდა, თუ რისთვის ჩაწერა მოსემ ეს მოვლენა ისრაელიანთათვის, „საჴსენებელად წიგნსა“. „მეორე სჯულისა“-ში აღწერილ მოსეს გამოსამშვიდობებელ საუბრებში, „სჯულის წიგნი“, როგორც საზოგადოდ ცნობილი ძეგლი, მრავალ ადგილზე იხსენიება . უნდა აღინიშნოს, რომ ხუთწიგნეული მოსეს მითითების შესაბამისად, ტაძარში ინახებოდა და განსაზღვრულ დროს, ერის გასაგონად იკითხებოდა . იოსიას ზეობის პერიოდში ტაძარში აღმოაჩინეს დაკარგული „წიგნი სჯულისა“: „და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა, პოვა ქელკია მღდელმან წიგნი შჯულისა უფლისაჲ ჴელითა მოსესითა “ . იუდეის სამეფოში, იოსაფატის მეფობისას, მღვდლები, მოსეს მითითების შესაბამისად, „სჯულის წიგნით“ დადიოდნენ და ებრაელ ერს, მასზე დაყრდნობით განსწავლიდნენ .
ხუთწიგნეულის ყოველ მომდევნო წიგნში თხრობა გრძელდება იმ მოვლენიდან, რაზეც დასრულდა მოწინავე, ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, მაგ.: „მეორე სჯულისა“ შეიცავს ქრონოლოგიურ ცნობას, რომლის გაგებაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცნობილია საიდან აითვლება ეს უკანასკნელი . ამრიგად, აღნიშნული ადგილი „მეორე სჯულისა“-დან, მისი მოწინავე წიგნის („რიცხვთა“-ს) არსებობას გულისხმობს. მსგავსადვე არის დაკავშირებული ხუთწიგნეულის უკანასკნელი წიგნი რიგით მომდევნოსთან. ისუ ნავეს ძის წიგნში თხრობა იმ მოვლენიდან გრძელდება, რაზეც დასრულდა „მეორე სჯულისა“-ში . შესაბამისად „ისუ ნავესი“-ს მწერლისთვის ცნობილი იყო ეს უკანასკნელი. უფრო მეტიც „მეორე სჯულისა“-ს განსრულება ისუ ნავეს მიეწერება.
მოსეს სჯული, რომელიც ისრაელიანებს წერილობითი სახით ეპყრათ, ებრაელი ერის ცხოვრებას წარმართავდა. სწორედ მის ზედმიწევნით აღსრულებაზე იყო დამოკიდებული ძველი აღთქმის ეკლესიის წევრთა კეთილდღეობა . ეს აზრი დომინირებს ძველი აღთქმის, როგორც ისტორიულ, ასევე სწავლა-მოძღვრებით და საწინასწარმეტყველო წიგნებში. „ისუ ნავესი“-ში მრავალ ადგილზე იხსენიება, რომ ებრაელი ერი, ისუს წინამძღოლობით, მოსეს სჯულსა და მითითებებს აღასრულებდა . სჯულის აღსრულების მნიშვნელობა არაერთხელ აღინიშნება „მსაჯულთა“ წიგნში . მსაჯულთა ეპოქის მოღვაწეთა მიერ, ხშირად, მოსეს სჯულის კანონები სიტყვა-სიტყვით იხსენიება . სამოელ წინასწარმეტყველის გამოსამშვიდობებელი სიტყვა ხუთწიგნეულის ტერმინოლოგიასა და გამოთქმებთან შესამჩნევ მსგავსებას ამჟღავნებს, რაც წინასწარმეტყველის მიერ ამ უკანასკნელის ღრმა ცოდნას ცხადყოფს . დავით მეფსალმუნე სოლომონ ბრძენთან გამოსამშვიდობებელ სიტყვას ხუთწიგნეულში მოცემულ ტერმინოლოგიაზე ამყარებს . ტაძრის სატფურებისას სოლომონის წარმოთქმული ლოცვა ხუთწიგნეულში წარმოდგენილი მრავალი გამოთქმით არის გამდიდრებული . ბიბლიის ისტორიული წიგნების ღვთივგანბრძნობილი მწერლები ებრაელი ხალხის ქმედებებს მოსეს სჯულის მიხედვით განსჯიან, მაგ.: „ხოლო შვილნი იგი მომსრველთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შჯულსა მას მოსჱსსა, ვითარცა-სახედ ამცნო უფალმან და თქუა: ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილთათჳს, ნუცა – შვილნი მამათათჳს, არამედ თითოეული ცოდვასა თჳსსა მოკუედინ“ . ფსალმუნებში მოსეს აღწერილ ისტორიულ მოვლენები, ხშირად, სიტყვა-სიტყვით მეორდება . მათში ფიგურირებს მოსეს სჯული . ეს უკანასკნელი არანაკლები მნიშვნელობითაა წარმოჩენილი სწავლა-მოძღვრებით წიგნებშიც .
მნიშვნელობა მოსეს წიგნებს წინასწარმეტყველთა ეპოქაშიც არ დაუკარგავთ. უფრო მეტიც, წინასწარმეტყველთა მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ებრაელ ხალხში მოსეს სჯულისადმი კრძალვის დაცვა, მათი წინაპრებისთვის მიცემული აღთქმისადმი რწმენისა და ხუთწიგნეულზე დამყარებული ზნეობრივი მოთხოვნების შენარჩუნება იყო. მოსეს წიგნების ცოდნის გარეშე სრულიად გაუგებარი იქნებოდა საწინასწარმეტყველო ლიტერატურა, რადგან ის ყველა წინასწარმეტყველის წიგნშია ასახული (ისტორიული მოვლენები, მოსეს წინასწარმეტყველებები, რჯულის დადგენილებები და ა. შ.). წინასწარმეტყველი იოველი, ხუთწიგნეულში აღწერილ მოვლენათა შეხსენების შემდეგ, ისრაელიანებს ღვთის ტაძარში ლოცვისაკენ მოუწოდებს . წინასწარმეტყველი ამოსის წიგნში სჯულის დადგენილებების დარღვევაში ებრაელი ერის მხილებაა გადმოცემული . მასში, ასევე, მოხსენიებულია მსხვერპლშეწირვის, სესხის მიცემის შესახებ კანონები და სჯულის სხვა განწესებანი. ოსია წინასწარმეტყველი ებრაელი ერის უსჯულოებას მრუშობას ადარებს და, შესაბამისად, მათ „მემრუშეთა სასჯელის“ ღირსად რაცხს . „ესაიას წინასწარმეტყველება“, განსაკუთრებით პირველი თავი, ხუთწიგნეულში გადმოცემულ წინასწარმეტყველებებს ცხადად ასახავს . მსგავსი მოწმობანია მოცემული წინასწარმეტყველ იერემიასთან . „ეზეკიელის წინასწარმეტყველება“-ში ებრაელი ერის თეოკრატიული ისტორიის გახსენება ხუთწიგნეულის ტერმინოლოგიაზე დაყრდნობით ხორციელდება . საწინასწარმეტყველო ლიტერატურაში სჯულის ისეთი დეტალებიც კი იხსენიება, როგორიცაა კანონი სისუფთავის შესახებ . წინასწარმეტყველი დანიელის წიგნში მოხსენიებულია ხუთწიგნეული, როგორც იუდეველთა ტყვეობისას თავს დატეხილი განსაცდელების წინასწარმეტყველების ამსახველი ძეგლი . მსგავსი მოწმობანი ტყვეობის შემდგომი ეპოქის, კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებშიც მრავლად მოიპოვება.
ამრიგად, ძველი აღთქმის წიგნთა ყოველი მწერალი მოსეს ხუთწიგნეულს ეყრდნობა. ეს თვალსაზრისი ურყევი რწმენის საგანი იყო ებრაელი ერის წიაღში. იუდაური გარდამოცემა ხუთწიგნეულის ავტორობას მოსეს მიაწერს. ხუთწიგნეულის ავთენტურობაზე მოწმობდნენ იოსებ ფლავიუსი და ფილონ ალექსანდრიელი. ალექსანდრე პოლიგისტორი, ევპოლემი და ჰეკატე თავის ისტორიულ შრომებში აღნიშნავდნენ, რომ იუდეველთა რწმენით ხუთწიგნეულის ავტორი იყო მოსე წინასწარმეტყველი. მსგავსი მოსაზრება იყო დამკვიდრებული იუდაურ სექტებშიც: სამარიტელები, სადუკეველები და ესეველები .
ხუთწიგნეულის ავთენტურობის დამადასტურებელია მისი ხასიათი და შედგენილობა. მოსე დეტალურად აღწერს მოწმობის კარვის შემადგენელ ნაწილთა გადატანის საშუალებებს . საკვებად გამოსაყენებელ და არაჯეროვან ცხოველებში, პალესტინისგან განსხვავებით, არაბეთის უდაბნოში არსებული პირუტყვებიც არიან დასახელებულნი . ხუთწიგნეულის მიხედვით, მოწმობის კარვის სიწმინდეები იმგვარი მასალით შეიქმნა, რაც უდაბნოში მოიპოვებოდა. ამასთან მასში აღწერილ მსხვერპლშეწირვათა წესის დაცვა (მაგ.: სამსხვერპლო ცხოველის სისხლის დათხევა მოწმობის კარვის შესასვლელთან, მსხვერპლის ყოველდღიური შეწირვა) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ებრაელები მოწმობის კარავთან ახლოს იცხოვრებდნენ, რაც უდაბნოში ყოფნისას სრულდებოდა . გარდა ამისა, სჯულის დადგენილებები გადმოცემულია არასისტემურად. შესამჩნევია, რომ უფალი მწერალს კანონებს ყოველდღიურად უცხადებდა და დადგენილებათა აღწერაც შესაბამისად ხორციელდებოდა, რასაც წმინდა წერილიც მოწმობს .
ხუთწიგნეულში არ კონკრეტდება ისეთი გეოგრაფიული ინფორმაცია, რაც ხუთწიგნეულის იმჟამინდელ მკითხველს, როგორც მასში აღწერილ მოვლენათა თანამედროვეს, თავადაც ეცოდინებოდა . ეს წესი ეგვიპტის ქალაქებსაც: პითომს, რამზესს, სუქოთს, ეთამს, ონსა და გესამსაც ეხება. არ იხსენიება ეგვიპტის დედაქალაქი და მდინარე ნილოსი. ხუთწიგნეულში გამოყენებულია ისეთი ეგვიპტური სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც მხოლოდ მოსეს თანამედროვეთათვის და ეგვიპტეში მცხოვრებთათვის იყო გასაგები . მისმა ავტორმა და მკითხველმა დეტალურად იცოდა მოსეს დროინდელი ეგვიპტური ცხოვრების წესი და ისტორიული მოვლენები . ხუთწიგნეულში მოხსენიებულია პიროვნებათა სახელები, რომელთა ცოდნა მხოლოდ მათ თანამედროვეს თუ შეეძლო, მაგ.: აარონის შვილების, ნადაბისა და აბიუდის დამმარხველთა, ებრაელების აღმრაცხველთა და სხვა. ყოველივე ზემოთქმულის საპირისპიროდ, ბიბლიის პიველი ხუთი წიგნის მწერალი და მისი თანამედროვენი ნაკლებად იცნობდნენ პალესტინას. ღვთივგანბრძნობილი მოღვაწე მუდმივად განმარტავდა, ჯერ კიდევ უცნობი ქანაანის ქალაქებსა და ტერიტორიებს . ხუთწიგნეულში აღთქმული მიწა „იორდანეს გაღმა“ მდებარედ იწოდება, ხოლო „იუდას მთა“ „ამორეველთა მთებად“ იხსენიება .
რომ ხუთწიგნეული მოსემ დაწერა ამას თავად მაცხოვრის სიტყვები მოწმობენ: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?“ . ხუთწიგნეულის გარდა, სხვა შრომას, მოსეს ავტორობით, იუდეველები არასოდეს იცნობდნენ. მსგავსი მოწმობანია წარმოდგენილი როგორც სახარებაში , ასევე სამოციქულოში .
ხუთწიგნეულის ავთენტურობას მისი ებრაულენოვანი ტექსტის კვლევაც ცხადყოფს. დამადასტურებელ მოწმობებს განეკუთვნება აღმოჩენილი არქაიზმები. კვლევის შედეგად გამოვლინდა 400 სიტყვა, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულშია წარმოდგენილი და 300 სიტყვა, რომელიც სხვა ბიბლიურ წიგნებში მოიპოვება, ხოლო წმინდა წერილის პირველ ხუთ წიგნში არ არის მოცემული.
ხუთწიგნეულის ენისთვის დამახასიათებელია III პირის ნაცვალსახელის გამოყენება მამრობითი სქესის ფორმით, მდედრობითის მაგივრად, ესეთი შემთხვევა ტექსტში 195 ადგილზეა დაფიქსირებული. თავისებურებას წარმოადგენს, ასევე, არსებითი სახელი „ყმაწვილი“-ს მამრობითი სქესის ფორმის გამოყენება იქ, სადაც, ჩვეულებრივ მდედრობითი სქესის ფორმაა აუცილებელი. გრამატიკულ სქესთა შორის მკვეთრი გაუმიჯნაობა უადრესი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია და ენის ფორმირების საწყის ეტაპს უკავშირდება. ეს თავისებურება მხოლოდ ხუთწიგნეულს ახასიათებს და მომდევნო პერიოდის წიგნებში არ არის მოცემული. უძველეს გრამატიკულ ფორმას წარმოადგენს ორი არსებითი სახელის გაერთიანება „იოდის“ (י) მეშვეობით . ეს არის კონსტრუქცია, რომლის კვალი მცირეოდენია მომდევნო პერიოდის ენაში. ასევე, ბრძანებითი კილო, რომელიც გამოიხატება შემოკლებული დაბოლოებით – „ნუნი“ (נ) , განუსაზღვრელობითი კილოს თავისებური ფორმები და ა.შ.
წარმოვადგენთ ზოგიერთ ტერმინსა და გამოთქმას, რომელიც მოსეს ხუთწიგნეულის შემდგომი პერიოდის მწერლობაში ან სხვა ფორმით ან საერთოდ აღარ გამოიყენება: Aviv (אָבִיב) ; kivshan (כִּבְשָׁן) ; ჩვენებითი ნაცვალსახელი hallaze (הַלָּזֶה) , რომელიც მოგვიანო ხანის წიგნებში მოკლე ფორმითაა წარმოდგენილი: hallaz (הַלָּז) . გამოთქმა, რომელიც გარდაცვალებას აღნიშნავს: Ieaseph el-ammav (יֵּאָסֶף אֶל־עַמָּיו) , რაც უკვე მსაჯულთა წიგნში გვხვდება ფორმით: Neesphu el-avotav (נֶאֶסְפוּ אֶל־אֲבוֹתָיו) , მეფეთა წიგნებში კი – Neesaphta el-kivrotekha (נֶאֱסַפְתָּ אֶל־קִבְרֹתֶיךָ) . არქაული ფორმის გამოთქმებს მიეკუთვნება, ასევე, „მიწის პირის დაფარვა“ და ა.შ.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ხუთწიგნეულის ტექსტში მოცემული არაებრაული ტერმინები მხოლოდ ეგვიპტური წარმომავლობისანი არიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი მწერლის მჭიდრო კავშირს ეგვიპტურ სამყაროსთან.
ამრიგად, ხუთწიგნეულის ავთენტურობა მტკიცდება როგორც მისი ტექსტოლოგიური მონაცემებით, ასევე შინაარსით. მისი ავთენტურობის წინააღმდეგ მოსაზრებათა გამოთქმა ადრეულ საუკუნეებში დაიწყეს ჯერ მწვალებლებმა, შემდგომ, XVI საუკუნიდან, რაციონალისტებმა და ბიბლიის კრიტიკოსებმა. მათ ვერ ჩამოაყალიბეს ერთი, განსაზღვრული, ცხადი სწავლება და ვერ წარმოადგინეს მყარი არგუმენტები, რომლითაც გაამართლებდნენ თავიანთ დასკვნებს. კრიტიკოსები, ხშირად, საკუთარ მოსაზრებებს უარყოფდნენ. მათი შრომები კი სხვა მეცნიერთა მხრიდან განიცდიდნენ კრიტიკას. საპირისპიროდ ზემოხსენებულ მეცნიერთა დასკვნებისა, ეკლესიაში არასოდეს ყოფილა კამათი ხუთწიგნეულის ავტორის შესახებ, რომელიც არის უდიდესი წინასწარმეტყველი და ღვთივგანბრძნობილი მოღვაწე – მოსე.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბიბლია, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო პროფ. ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2015.
2. სამოციქულო მამები, თარგმნა, წინასიტყვაობა და განმარტებები დაურთო ვიქტორია ჯუღელმა, თბილისი: ლოგოსი, 2014.
3. მელიქიშვილი ნ.: მელიქიშვილი ნინო, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, თბილისი, 2009.
4. Вигуру Ф., Руководство к чтению и изучению Библии, Ветхий Завет, Том 1, Москва, 1916.
5. Греческо-Русский словарь, составленный А. Д. Вейсманомъ, С.-Петербургъ, 1899.
6. Електронная Еврейская енциклопндия, იხ.: ინტერნეტსაიტი: http:// eleven.co.il.
7. Лопухин 2007: Лопухин А. П., Библейская история при свете новейших исследований и открытий, Ветхий завет, Т. 2, Кафедра библеистики МДА, Фонд „Серафим“, Москва, 2007.
8. Протоиерей Александр Мень, Исагогика, Ветхий Завет, Т. I, Москва, 2000.
9. Рыбинский 2005: Рыбинский Владимир, Библейская ветхозаветная критика, Кафедра библеистики МДА, Фонд „Серафим“, Москва, 2005.
10. Толковая Библия или комментарий на все книги Св. Писания Ветхого и Нового Заветов, Составител Лопухин А. П., იხ.: ინტერნეტსაიტი: http://lopbible.narod.ru.
11. Свт. Епифаний Кипрский, На восемьдесят ересей, იხ. ინტერნეტსაიტი: http://odinblago.ru.
12. Юнгеров П.А., Введение в Ветхий Завет, Т. 2, იხ.: ინტერნეტსაიტი: http://sbible.ru.
13. The Apostolic Fathers, Revised texts with short introductions and English translations by the late J.B. Lightfoot, D.D., D.C.L., LL.D., Edited and completed by J.R. Harmer, D.D., London, 1912.
14. Biblia Sacra Iuxta Vulgatam Versionem (Vulgate Latin Bible), edited by R. Weber, B. Fischer, J. Gribomont, H.F.D. Sparks, and W. Thiele [at Beuron and Tuebingen] Copyright © 1969, 1975, 1983 by Deutsche Bibelgesellschaft (German Bible Society), Stuttgart.
15. Benner 2010: Benner A. Jeff, New Testament Greek to Hebrew Dictionary, Virtualbookworm.com Publishing, 2010.
16. Gesenius 1844: Gesenius W., A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, Translated from the latin by Edward Robinson, D. D., Boston, 1844.
17. The Leningrad Codex (Codex Leningradensis), იხ. ინტერნეტსაიტი: https://archive.org/details/Leningrad_Codex.
18. Septuaginta (Old Greek Jewish Scriptures) edited by Alfred Rahlfs. Copyright © 1935 by the Württembergische Bibelanstalt / Deutsche Bibelgesellschaft (German Bible Society), Stuttgart.
0 Responses on ცოტნე ჩხეიძე - ხუთწიგნეულის ავთენტურობის შესახებ"