ცალკე აღებული ტექსტი, როგორც თავისთავადი ღირებულება, არ არსებობს – მას აზრს და მნიშვნელობას მკითხველი ანიჭებს. თითოეული ადამიანი, როგორც ცალკე ინდივიდი-თავისი ცოდნითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, სხვადასხვაგვარად აღიქვამს წაკითხულ ტექსტს. მთარგმნელისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებები თუ რა მიზნით, რატომ, როგორ დაწერა მწერალმა კონკრეტული ნაწარმოები.
იმისათვის, რომ მთარგმნელმა სწორად გაიაზროს ტექსტი კონტექსტში, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ: რა კავშირია ავტორის ცხოვრებასა და ნაწარმოებში ასახულ მოვლენებს შორის; რა ადგილი უკავია მოცემულ ნაწარმოებს ავტორის შემოქმედებაში; რამდენად ასახვს ეს ნაწარმოები იმ ისტორიულ პერიოდს და გეოგრაფიულ ადგილს, რომელშიც ის შეიქმნა; წარმოადგენს თუ არა იგი თავისი ჟანრის, ლიტერატურული მიმდინარეობის ან იმდროინდელ მწერლობაში გავრცელებული სტილის ტიპიურ ნიმუშს; როგორ აისახება იმ დროის შესაფერისი ენა ნაწარმოებში და ა. შ.
ზოგჯერ მხოლოდ მშრალი ისტორიული ფაქტების მოძიება არ არის საკმარისი. საჭიროა ინფორმაციის მოპოვება ეპოქის იმ იდეოლოგიური თუ რელიგიური ფონის, სოციალური და ეთიკური პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეეძლო შთაეგონებინა ავტორი ან გავლენა მოეხდინა მის შემოქმედებაზე. თუმცა ისიც ცხადია, რომ თავად ლიტერატურულ ნაწარმოებსაც შეუძლია გვითხრას ბევრი რამ იმ დროის საზოგადოებრივი ცხოვრების, შეხედულებებისა და პრობლემების შესახებ, დაგვანახოს ისეთი ნიუანსები, რომლებსაც ვერც ერთი ისტორიული წყაროდან ან საენციკლოპედიო სტატიიდან ვერ ამოვიკითხავთ.
მხატვრული ნაწარმოების თარგმნა მთარგმნელისგან მოითხოვს გარკვეული კულტურული და სოციალური კომპეტენციების გამოყენებას და წყარო ენიდან მიღებული ინფორმაციის კომპლექსურ ანალიზს. ეს ყველაფერი ერთიანდება ინტერტექსტუალურობის ცნებაში.
ინტერტექსტუალიზმის ცნება თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა და ნიშნავს, მხატვრული, ან არამხატვრული, ან თუნდაც სოციალური ტექსტის გამოყენებას სხვა ტექსტში. ტერმინი ,,ინტერტექსტუალობა’’ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ლიტერატურის თეორიაში დაამკვიდრა ფრანგმა (წარმოშობით ბულგარელმა) მკვლევარმა იულია კრისტევამ. ამ თეორიაზე მუშაობისას იგი ეყრდნობოდა ცნობილი რუსი მეცნიერის, ფილოსოფოსისა და კულტუროლგის, მიხაილ ბახტინის (1895-1975) მიერ შემუშავებულ თეორიას ,,დიალოგურობის’’ შესახებ; რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ტექსტი, როგორც დასრულებული ერთეული, არ არსებობს; თითოეული ტექსტი სხვა ტექსტებს უკავშირდება და წარმოადგენს მის ნაწილს. ნებისმიერი ტექსტი სხვა ტექსტების ტრანსფორმაციის საფუძველზე იქმნება. ინტერტექსტუალობა გვევლინება ყველა ტექსტისთვის დამახასიათებელ თავისებურებად.
მხატვრულ ლიტერატურაში ინტერტექსტუალობა გულისხმობს ისეთ კავშირს ნაწარმოებებს შორის, როცა ერთი მათგანი სხვა ნაწარმოებს სათაურით, პერსონაჟებით, მოქმედების დროითა და ადგილით ან სიუჟეტით ეხმიანება. ინტერტექსტუალიზმის ფორმებია: ციტირება, პაროდია, ალუზია და ა. შ. მწერალმა შესაძლოა, გამოიყენოს რომელიმე ჟანრის ან ლიტერატურული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმულები, სახე-სიმბოლოები. მაგალითად, ქართული სასულიერო მწერლობა, ჰაგიოგრაფიული თხზულებები გაჯერებულია სახარებისეული კლიშეებითა და სახე-სიმბოლოებით.
არსებობს ექსპლიციტური (პირდაპირი) ან იმპლიციტური (შეფარული) ინტერტექსტუალური კავშირები ტექსტსა და სხვა, მანამდე შექმნილ ან მის თანამედროვე ტექსტებს შორის.
ქართულ ლიტერატურაში ექსპლიციტური ინტერტექსტუალიზმის საუკეთესო ნიმუშია ჰაგიოგრფიის მჭიდრო კავშირი წმინდა წერილთან (პასაჟების ჩართვა, ციტირება, ალუზიები, ენობრივი ფორმულები, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები და სხვ.). მწერალი შესაძლებელია შეფარულად ეყრდნობოდეს გავრცელებულ, აღიარებულ შეხედულებებს, იდეებსა და წარმოდგენებს, რომლებიც ხშირად არც კი საჭიროებს კონკრეტული ტქსტების მოხმობას ან ციტირებას.
ინტერტექსტუალობის ფორმებზე საუბრისას ლ. ცაგარელი თავის სტატიაში ,,ინტერტქსტუალობა, როგორც ფიქციონალობის სიგნალი’’, ჩამოთვლის სხვადასხვა მეცნიერთა (ჰაროლდ ბლუმი, ჟერარ ჟენეტი, რენატე ლახმანი, მანფრედ პფისტერი, ორაიჩ ტოლიჩი და სხვ.) შეხედულებებს და ასკვნის, რომ ინტერტექსტუალიზმის გავრცელებული ფორმებია, როდესაც ავტორი იყენებს სხვა ტექსტის ან წიგნის სათაურს; ავტორს პირდაპირ გადმოჰყავს მთავარი პერსონაჟი სხვა ნაწარმოებიდან, ან იყენებს მის სახელს ან ხასიათის ზოგიერთ ნიშანს. (მაგ,. ჯიბრან ხალილის ,,იესო, ძე კაცისა’’, რომელიც პირდაპირ არის აღებული სახრებიდან); არის შემთხვევები, როდესაც მწერალი არ იმეორებს სიუჟეტს და მხოლოდ პერსონაჟებს იყენებს ახალი ტექსტის შესაქმნელად. ხშირად ავტორი სხვა ტექსტიდან იღებს და საკუთარი მხატვრული ინტერპრეტაციით იმეორებს რომელიმე ცნობილ ეპიზოდს; შესაძლებელია, ავტორმა მთლიანად აიღოს სხვა ნაწარმოების სიუჟეტი ან გადმოიტანოს რომელიმე ვრცელი მონაკვეთი.
სხვდასხვა ჟანრისა და ეპოქის ტექსტებზე მუშაობისას მთარგმნელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია შეძლოს ინტერტექსტუალური ანალიზი, რაც თავის მხრივ მდგომარეობს იმაში, რომ მთარგმნელი უნდა გაეცნოს კონკრეტულ ტექსტში მოხმობილ ან გამოყენებულ სხვა ტექსტს, გაამთლიანოს და შეადაროს ტექსტი და ინტერტექსტი; მთარგმნელმა უნდა გაიაზროს როგორც ძირითადი ტექსტი, ისე ინტერტექსტი. მთარგმნელი ვალდებულია, ინტერტექსტუალურად გააანალიზოს სათარგმნი ტექსტი, თუ რომელ ტექსტს ეხმიანება ავტორი, როგორ და რისთვის იყენებს მას, როგორია მწერლის დამოკიდებულება ნაწარმოებთან და რაც შეიძლება, კარგად გადაიტანოს სათარგმნ ენაზე დედნის ტექსტში არსებული ექსპლიციტური თუ იმპლიციტური ინფორმაცია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იმპლიციტური ინფორმაცია, რომელიც დამალულია ტექსტში, შეიძლება მთარგმნელმა გადმოსცეს ლექსიკური და გრამატიკული კონსტრუქციებით შემცირებული ან გაფართოებული კონტექსტით. ხოლო ექსპლიციტი ანუ პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც არსებობს სათარგმნ ტექსტში, ხშირ შემთხვევაში იზღუდება როგორც გარმატიკულ, ასევე ლექსიკურ დონეზე. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო იქნება განვიხილოთ ,,წინასწარმეტყველის წალკოტის’’ ქართული თარგმანი და ვნახოთ, თუ რამდენად არის დაცული ეს პირობები მასში.
ამ ნაწარმოებში ჯიბრან ხალილი მიმართავს წმინდა წერილის თემებსა და ინტონაციას; იყენებს სახრებისეულ სახისმეტყველებას და ლექსიკურ კონსტრუქციებს, ექსპლიციტებს და სხვ.
ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ლექსიკური ექსპლიციტების თარგმანები ,,წინასწარმეტყველის წალკოტის’’ ქართულენოვან ვერსიაში. ტექსტის უკეთ აღსაქმელად მთარგმნელმა ტექსტში დაამატა ლექსიკური ერთეულები, სიტყვათშეთანხმებები, იდიომები და ა. შ. ანუ დაამატა ინფორმაცია, რომელიც დედანში დაფარული იყო და მხოლოდ იმპლიციტურ დონეზე არსებობდა.
პირველივე მაგალითში ვკითხულობთ:
“And Almustafa looked upon the people, and he saw them all, the youth and the aged, the stalwart and the puny, those who were ruddy [r^di] with the touch of wind and sun…” (7)
,,და ალმუსტაფამ გადახედა თანამემამულეთ. და უმზერდა ყველას: ჭაბუკთ და ხანდაზმულთ, ბრგეთ და ტანმორჩილთ, მზისა და ქარისგან გარუჯულ-გახეშეშებულთ…’’ (342)
ამ მონაკვეთში ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ ფრაზაზე:
“ those who were ruddy with the touch of wind and sun…“ სიტყვასიტყვითი თარგმანი ასეთი იქნება: ,,ისინი, რომლებიც იყვნენ აღაჟღაჟებული (წითური, ჟღალი) მზის და ქარის შეხებით…’’ მ. გიგინეიშვილის თარგმანში ვკითხულობთ: ,, მზისა და ქარისგან გარუჯულ-გახეშეშებულთ…’’ ინგლისური სიტყვა „touch“ – შეხება, საერთოდ ამოვარდა თარგმანში, სამაგიეროდ გაჩნდა ,,გარუჯული’’ და ,,გახეშეშებული’’, რომლებიც კარგად გამოხატავს მზის და ქარის ძალის ზემოქმედებას ადამიანის კანის ფერსა და მდგომარეობაზე. ასევე სიტყვა „ruddy“[r^di] – ,,ღაჟღაჟა’’ შეცვალა ,,გარუჯულმა’’.
განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მთარგმნელი სიცხადის გამოსახატავად მიმართავს ტერმინის დაკონკრეტებას, რის შედეგადაც თარგმანში აზრი უფრო ექპლიციტური ხდება:
„..there was a man standing at the cross-roads with hands stretched forth unto the passers-by, and his hands were filled with jewels.” (53)
,,ვიღაც კაცი იდგა გზაგასაყარზე, პატიოსანი თვლებით სავსე პეშვს გამვლელებისკენ იშვერდა… (376)
საინტერესოა შემდეგი ნიმუში:
“Listen to the flute-player as it were listening to April…” (62)
,,ყური მოუპყართ მწყემსის სალამურს, თითქოს აპრილს უსმენდეთ.’’ (382)
ამ წინადადებაში არსებული იმპლიციტური ინფორმაცია, ასე იქნებებოდა:
“Listen to the flute-player as if you were listening to the hymns of April“ არც თარგმანში არ ჩანს, ,,აპრილს’’ არ უსწრებს წინ სიტყვა, რომელიც ექსპლიციტურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა, თუმცა მკითხველისთვის მაინც გასაგებია აზრი.
“Thus it is with you, and thus, in seeking, you find meat and fulfillment.” (24)
,,ასევე ხართ თქვენც, ასევე ძიებით მოიპოვებთ სარჩოს და სრულყოფილებას,…’’ (355)
იმ შემთხვევაში, თუ ქართულ ტექსტში პირდაპირ გადმოვიდოდა ეს სიტყვა, ვფიქრობთ, მკითხველი ვერ აღიქვამდა მის მნიშვნელობას. მ. გიგინეიშვილმა კარგად მოძებნა ქართული შესატყვისი, როდესაც განაზოგადა იგი. ამავე დროს საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინგლისური სიტყვა „meat“ მოდის ძველი ინგლისური სიტყვიდან “mete” და მისი ზოგადი მნიშვნელობა არის ,,საკვები’’ სწორედ ამიტომ, თარგმანში „meat“- ,,ხორცი’’ ჩაანაცვლა სიტყვამ ,,სარჩო’’ ანუ საკვები, როგორც საარსებო აუცილებელობა და რომელსაც ,,ეძებს ხალხი’’.
შემდეგი მაგალითი:
“I shall sit at your board without a body,…” (65)
,,მე ჩამოვჯდები თქვენს სუფრასთან, თუმც – უსხეულოდ,..’’ (384)
ინგლისური სიტყვა „board“-ის ქართული მნიშვნელობაა ,,ფიცარი’’, ,,დაფა’’, ,,სასადილო მაგიდა’’. მთარგმნელმა სიტყვით ,,სუფრასთან’’ ადვილად მოახერხა ავტორის ნაგულისხმევი დაფარული ინფორმაციის გამოხატვა სათარგმნ ენაზე. ქართველი მკითხველისთვის ადვილად გასაგები ხდება ეს წინადადება, გამომდინარე იქიდან რომ ქართული ტრადიციის მიხედვით, სტუმარს სუფრასთან ეპატიჟება მასპინძელი.
საერთოდ, როდესაც თარგმანს ვიხილავთ, როგორ ინტერტექსტუალურ ფენომენს, აქ აუცილებლად უნდა შევეხოთ ისეთი ექსპლიციტური გამოთქმების თარგმნას, როგორიც არის რელიგიური მნიშვნელობის სიტყვები და გამოთქმები. ამის დასტურად მოვიყვანთ შემდეგ მაგალითებს:
“And even as you wait for peace until the formless within you takes form, so shall the cloud gather and drift until the Blessed Fingers shape its grey desire to little crystal suns and moons and stars.” (15)
,,როგორც თქვენ ხართ მყუდროების მოლოდინში, ვიდრე ფორმას შეიძენს ის, რაც უფორმოა თქვენში, ასევე ღრუბელიც, იგი არ აიკრიფება, თავს მოიყრის და მიედინება, ვიდრე ხელი კურთხეულისა ღრუბლის კვამლისფერ სწრაფვას გარდაქმნიდეს პაწია კრისტალურ მზეებად, მთვარეებად, ვარსკვლავებად?’’ (349)
ამ მონაკვეთში საინტერესოა გამოთქმა „Blessed Fingers“ სიტყვასიტყვით იქნება ,,დალოცვილი თითები’’, ,,კურთხეული თითები“ ანუ ,,მაკურთხებელი ხელი’’. მთარგმნელი ამ ფრაზას თარგმნის ,, ხელი კურთხეულისა „ ანუ ხელი უფლისა, ეს შინაარსი ინგლისურ დედანში გამოხატულია მთავრული ასოებით დაწერილ სიტყვებში ,, Blessed Fingers „ რაც ღვთიურს ხელს ნიშნავს.
“Let us speak no more now of God the Father. Let us speak rather of the gods, your neighbours, and of your brothers, the elements that move about your houses and your fields.” (38)
,,ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ მამაღმერთზე, უფალზე, ვისაუბროთ ღმერთებზე, – თქვენს მეზობელ-მოკეთეებზე, თქვენს ძმებზე – ვისაუბროთ სტიქიებზე, რომლებიც თქვენს მინდვრებსა და თქვენს სახლებთან აიშლებიან ხოლმე.’’ (367)
ამ პასაჟის თარგმანში ყურადღებას გავამახვილებთ ინგლისური ფრაზის ‘’God the Father’’-ის ქართულ ეკვივალენტზე ,, მამაღმერთზე, უფალზე,’ როგორც ვხედავთ მ . გიგინეიშვილი დედნისეულ ‘’God the Father“ – ,,მამაღმერთს’’ უმატებს სიტყვას , ,,უფალი“, რომელიც ,,მამაღმერთის’’ სინონიმურია და მთარგმნელი ამას აკეთებს იმისთვის, რომ დედნისეული ,, God the Father“ -ს შინაარსი გააძლიეროს.
ჯიბრან ხალილის ,,წინასწარმეტყველის წალკოტის’’ ქართული თარგმანის მიხედვით მიმოვიხილეთ ექსპლიციტის თარგმნის სხვადასხა საშუალება. მთარგმნელმა დედანში არსებულ ექსპლიციტურ და იმპლიციტურ ინფორმაციას კარგად მოუძებნა შესატყვისები და შესანიშნავად გადმოიტანა სათარგმნ ენაზე, რითაც შესძლო, რომ ჯიბრანის ენა უფრო გამომსახველობითი და მკითხველისათვის გასაგები გაეხადა.
1. ცაგარელი 2012: ცაგარელი ლ., ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი, თბილისი, 2012.
2. ცაგარელი 2008: ცაგარელი ლ., სემიოტიკა (სამეცნიერო ჟურნალი) N 3, 2008.
3. Фатеева 1997: Фатеева Н., Интертекстуальность и её функции в художественном дискурсе, М., 1997.
4. Копыленко 2004: Копыленко А.Я. Севастопольский национальный технический университет ТВОРЧЕСТВО ХАЛИЛЯ ДЖЕБРАНА КАК ПРИМЕР СИНТЕЗА КУЛЬТУР ВОСТОКА И ЗАПАДА, 2004.
5. Крачковский: Крачковский И.Ю. Арабская географическая литература / Игнатий
Юлианович Крачковский. – М.: Издательская фирма “Восточная литература”.
6. Крупнов 1976: Крупнов В. Н. В творческой лаборатории переводчика, Москва 1976.
7. Крымский 1971: Крымский А.Е. История новой арабской литературы / Крымский Агафангел Ефимович. – М.: Худож. Лит, 1971.
8.http://www.oneworld-publications.com/sites/default/files/books/extracts/prophet-9781851689453.pdf
9. http://gibrankahlil.blogspot.com/
10. https://www.nytimes.com/books/98/12/13/specials/gibran-garden.html
11. http://www.innergrowth.info/khalil_gibran_prophet/html/biography/gibran_biograpychapter_07.htm
0 Responses on მარინა მამულაშვილი - სათარგმნი ტექსტის ინტერტექსტუალური გაანალიზება ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ,,წინასწარმეტყველის წალკოტის’’ მ. გიგინეიშვილისეული ქართული თარგმანის მიხედვით"